მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

22/11/2017

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს – ტიტუს კორლატეანს და შერსტინ ლუნდგრენს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების საკითხებს. ხაზი გაესვა, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, ისე საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
აღინიშნა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შენარჩუნების მნიშვნელობა.
ქართულმა მხარემ თანამომხსენებლებს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის პროცესს როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. საუბარი შეეხო სოფელ ერედვში ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებს, რაც წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშ დარღვევას.
აღნიშნა არსებული ვითარების გათვალისწინებით საერთაშორისო საზოგადოების შესაბამისი რეაგირებისა და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის აუცილებლობა.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ მიღწევებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0