2016 წლის 10 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან იან ჰამაჩეკთან, რომელიც 9-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს.
იან ჰამაჩეკის ვიზიტი საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა.
შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში, მათ შორის, ვიზიტების აქტიური დინამიკა. მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა ჩეხეთის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტის პრშემისლ სობოტკას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებითაც დასტურდება.
მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა იან ჰამაჩეკთან
10/05/2016