მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ს ელჩთან ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა

16/02/2017

მიმდინარე წლის 15 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იან კელისთან. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს და შეაჯამეს მიმდინარე წლის 9-10 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ში გამართული სამუშაო ვიზიტის შედეგები. კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის შექმნის ადრეულ ეტაპზევე ქ. ვაშინგტონში ქართული მხარის მიერ გამართული მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ყველა მნიშვნელოვან სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილზე.

აღნიშნული ვიზიტის კონტექსტში, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს იმ პოზიტიური შეფასებებისა და ურყევი მხარდამჭერის გზავნილებისათვის, რომლებიც გაჟღერდა ქ. ვაშინგტონში სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრაზე. ამ მხრივ, მხარეები შეთანხმდნენ, აქტიურად განაგრძონ ერთობლივი მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისა და დასახული ერთობლივი მიზნების ეფექტური განხორციელებისათვის.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს მიმდინარე წლის ორმხრივი დღის წესრიგი, მათ შორის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიით განსაზღვრული მიმართულებებით გათვალისწინებული შეხვედრებისა და ორმხრივი უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.

შეხვედრის დასასრულს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების კუთხით ორ მხარეს შორის კოორდინირებულ ქმედებებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0