პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა.
“მინდა, მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის არჩევა ამ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში. ოც წელიწადზე მეტია, საქართველოს არ ჰყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის ინსტიტუტის მთავარი მისია არის ზრუნვა ქვეყნის და საზოგადოების გაერთიანებაზე. ამ წლების განმავლობაში კონკრეტული ძალები, პირველ რიგში გარე ძალები პრეზიდენტის ინსტიტუტს სწორედ საზოგადოების გასახლეჩად იყენებდნენ. ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ხელოვნურად დაესუსტებინათ ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი. ამისთვის, სწორედ პრეზიდენტის გამოყენებით, სისტემატურად და სისტემურად ირღვეოდა საქართველოს კონსტიტუცია, რასაც გარე ძალები პირდაპირ უჭერდნენ მხარს. მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია და ღირსება. მინდა, წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე. ყველა ხედავდით, რომ არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, თქვენ ხედავდით ასევე ახალ რიტუალს ამ აქციაზე – აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც გამოსახულია ჩვენი ეროვნული სიმბოლოები. ამ კონკრეტულმა ადამიანებმა ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა. გუშინ ასევე იგივე ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ უღმერთობაც არის მათი ხელწერა და ეს არის ლიბერალური ფაშიზმის სახე. არიან ადამიანები, რომლებიც ჩაითრიეს ლიბერალურ ფაშიზმში და ეს არის ტრაგიკული მოვლენა. ეს ადამიანები ამ უმძიმესი იდეოლოგიისგან არიან ჩვენი გადასარჩენი და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავიხსნათ ლიბერალური ფაშიზმისგან ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რადიკალურმა ოპოზიციამ ჯერ წააგო არჩევნები, შემდეგ წააგო ქუჩა. არის 4 პარტია, რომელიც სარგებლობს გარედან საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერით, არის 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო” და ისინი, ყველანი ერთად, 4 პარტია და 10-ზე მეტი მდიდარი „ენჯეო” ერთად, ბოლო დღეების განმავლობაში, აქციებზე, თავს ვერ უყრიან 2000 კაცსაც კი. ჩავარდა „ნაცმაიდანი” და ამ ფონზე მინდა, კიდევ ერთხელ შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს პროტესტის განცდა, შევხვდეთ ნებისმიერ ფორმატში. მე პირადად მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს საჯარო დისკუსია, თუ არასაჯარო დისკუსია, ვთავაზობ ყველას ასეთი დისკუსიის გამართვას ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის იმ თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ჩვენი წინადადება რჩება ძალაში და იმედი მაქვს, ახლა მაინც გაბედავენ კონკრეტული ადამიანები და მიიღებენ ამ წინადადებას საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიის თაობაზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას. ვულოცავ მილიონ 120 ათასზე მეტ ამომრჩეველს, სწორედ მათი მანდატის წყალობით შევძელით, არჩევნებში მხარი დაგვეჭირა მიხეილ ყაველაშვილისთვის და სწორედ ამ მხარდაჭერის დამსახურებაა მისი გამარჯვება პრეზიდენტის თანამდებობაზე. თუმცა, არა მარტო ჩვენ ამომრჩეველს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ საქართველოს პრეზიდენტის არჩევას. მიხეილ ყაველაშვილის საქმიანობა, მოღვაწეობა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე ვფიქრობ, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებას”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.