მიხეილ მაჭავარიანსა და გოგლა ჟვანიას შორის შელაპარაკება მოხდა

01/03/2016

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიხეილ მაჭავარიანსა და გოგლა ჟვანიას შორის შელაპარაკება მოხდა.მაჭავარინმა კომიტეტს საკანონმდებლო პაკეტი წარუდგინა, რომელიც საგადასახადო და ფინანსურ-ეკონომიკურ ინიციატივებს ეხება.

“სიმართლე გითხრათ, კითხვის დასმას არ ვაპირებდი. თქვენს ინიციატივას მაინც და მაინც სერიოზულობით ვერ ვეკიდები. ზოგადი საუბარი, რომ ეს ყველაფერი გამოიწვევს ცხოვრებისეულ სიკეთეებს, ქვეყნის აყვავებას, ადამიანების ჯიბეების გასქელებას, იქნებ ეს ყველაფერი კონკრეტულ ციფრებში გადაიყვანეთ. რამდენი მოაკლდება ბიუჯეტს, თუკი ეს ცვლილებები ამოქმედდება?! რამდენად გაიზრდება ბიუჯეტის დეფიციტი და ამის გადაფარვას რითი აპირებთ?! ეკონომიკურ ეფექტს რამდენი ხნის მერე ელოდებით, რომ მთელი მსოფლიოს ბიზნესმენები მოგვაწყდება და აქ ბიზნესის კეთებას დაიწყებენ?!”, – მიმართა მაჭავრიანს გოგლა ჟვანიამ.

თავის მხრივ, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ არ იცის, გოგლა ჟვანია სერიოზულად რას ეკიდება და რას – არა. “თუკი ასე გააგრძელებთ, ბიზნესმენები ნამდვილად არ მოგაწყდებიან. გათვლები წერია. ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 660 მილიონი ლარით უნდა შემცირდეს. თქვენი ანალიზი მაინტერესებს, როცა ასეთივე ცვლილებებს მთავრობა შემოიტანს, აქ უბრალოდ უფრო კვალიფიციურად წერია. შეიძლება ეს თქვენ არ გესმოდეთ, ეს მესმის, მაგრამ პრემიერს შეხვედრას ამიტომ ვთავაზობდით”, – მიმართა ჟვანიას მაჭავარინმა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შენიშვნების მისგან მოსმენას არ აპირებს.
ჟვანიამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა და განაცხადა, რომ მაჭავარიანს კონკრეტული პასუხი არ აქვს. “ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, მე რა მესმის. კონკრეტული პასუხი არ გაქვთ და პასუხს ვერ მცემთ. კონკრეტული კითხვა მაქვს და ზოგადი საუბრები არ მჭირდება”, – მიმართა ჟვანიამ მაჭავარიანს.
მაჭავარინმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს ჟვანიასგან შენიშვნები მოისმინოს. “არ ვაპირებ, რომ ასეთი შენიშვნები თქვენგან მოვისმინო. თქვენი კვალიფიკაცია საქართველოს ეტყობა. მთავრობის კანონპროექტი ამბობს, რომ ამაზე ნაკლები გადასახადების შემცირება იქნება. გეუბნებით, რომ მთავრობის დათვლა არაკვალიფიციურია. თქვენმა კვალიფიციურმა ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა, რომ მთავრობა 400 მილიონის შემცირებაზე უკვე მუშაობს. ეს ხარჯები რა უნდა იყოს?! – ბიუროკრატიული ხარჯები, რომელიც რაც თქვენ მოხვედით, გაიზარდა. 27 გადასახადი 5-მდე შევამცირეთ – ეს გამოცდილება გვაქვს და თქვენგან არაკვალიფიციურობაზე დებატებს ვერ დავიწყებ”, – ასეთი იყო მაჭავარინის პასუხი გოგლა ჟვანიას მიმართ.

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მოგების გადასახადი უქმდება, დივიდენდების გადასახადი 5%-დან 15 %-მდე იზრდება და საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 17,5%-მდე მცირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0