მიხეილ ბატიაშვილმა პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ წარადგინა

15/05/2019

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. ეროვნული კულტურა განათლების გაუყოფელი ნაწილია და მისი განათლების სისტემაში ინტეგრირება რეფორმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. პროექტი განათლების რეფორმის – „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. პროგრამა „სკოლა მუზეუმში“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების სასწავლო რესურსად გამოყენებას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის შეირჩა ისეთი სამუზეუმო ექსპონატები, როგორებიცაა: უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, შუა საუკუნეების უმდიდრესი მემკვიდრეობა და თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები.
პროგრამა „სკოლა თეატრში“ ითვალისწინებს საქართველოს წამყვანი თეატრების რეპერტუარიდან მოსწავლეთათვის ისეთი სპექტაკლების ჩვენებას, რომლებიც ახლოსაა მათ სასწავლო პროგრამასთან. მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ სცენის მიღმა მიმდინარე პროცესებს, სპექტაკლის შემდეგ გაეცნონ მსახიობებს, შექმნან სპექტაკლის შესახებ რეცენზიები.
პროგრამა „კინო სკოლაში“ კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. სკოლებში კვირაში ერთხელ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმება, რომლის დროსაც მოსწავლეები მიიღებენ საბაზისო ცოდნას კინემატოგრაფიის შესახებ და ნახავენ სპეციალურად შერჩეულ ქართულ და უცხოურ ფილმებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0