ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს, რეგიონის მერებთან ერთად შეხვდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარიაში გამართეს და შეხვედრის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად განიხილეს.
2022 წლის განმავლობაში მიწის სისტემური რეგისტრაციების განხორციელება დაგეგმილია ქვემო ქართლის რეგიონში.
მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა. მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწის სისტემური რეგისტრაცია ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი და ოკუპირებული ტერიტორიებისა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს. შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხზე, რომელიც სოფლებისა და დაბების დამისამართების რეფორმას ეხება.შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე; რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები: დავით კარგარეთლი, კობა მურადაშვილი, ილია საბაძე, კენან ომაროვი, დავით შერაზადიშვილი, გიორგი წიკლაური; მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით დევიძე და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule
მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო
22/07/2022