მიღებული თანხებით ვაპირებთ, კიდევ დამატებით შევისყიდოთ მიკროავტობუსები

08/07/2021

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. მისი თქმით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია.

„მინდა, მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ რამხელა მონაპოვარია მედიის თავისუფლება. ის აგრესია და ძალადობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიის წარმომადგენლების მიმართ ვიხილეთ, კატეგორიულად მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს ძალადობას გმობს და როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა, არავისთვის მისაღები არ არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს.

„ჩვენ, ყველამ ერთად, ვინც სწორად აზროვნებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული, წინწასული, დემოკრატიული და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, იყოს თავისუფალი, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მეტი სიყვარული, ადამიანებში იყოს ურთიერთპატივისცემა, იყოს მეტი განათლებული ადამიანი, რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებ და არაფერს დავიშურებ იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, კიდევ უფრო განვითარდეს და ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში რეკლამების განთავსების საპრივატიზაციო უფლების მოპოვებაზე აუქციონი გამოცხადდა. საპრივატიზაციო უფლება დედაქალაქის ტერიტორიაზე 15 წლის განმავლობაში, გარე რეკლამების განთავსებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, აღნიშნული აუქციონიდან თბილისის მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი ორი დღის წინ გამოვაცხადეთ. დაინტერესებულ პირებს ერთი თვის განმავლობაში, აქვთ შესაძლებლობა, აუქციონთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ. თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე მზადაა და თუ ვინმეს რაიმე ინტერესი აქვს, შეგიძლიათ მოგვმართოთ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. საპრივატიზაციო უფლება 15 წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსებას მოიცავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპრივატიზაციო უფლების მოპოვების საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს.

„საწყისი ღირებულება 32 მლნ ლარია. დარწმუნებული ვარ, ბევრი დაინტერესებული პირი იქნება და ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება, უფრო მეტი შემოსავალი ექნება მუნიციპალიტეტს, რაც, რა თქმა უნდა, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის გამოიყენება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების პარკი წლის ბოლომდე მთლიანად ახალი მიკროავტობუსებით ჩანაცვლდება.

„ავტობუსების განახლების პროგრამა უკვე დასასრულს უახლოვდება და ძალიან მალე თბილისში არცერთი ე.წ. ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს. ალბათ თქვენც ხედავთ, უკვე როგორ მრავლად დადიან ქალაქში მწვანე, 8, 10, 12-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისელებს ემსახურებიან. ასევე, დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლებისა და ჩანაცვლების პროგრამა. მუნიციპალიტეტმა შეიძინა პირველი 300 ერთეული მიკროავტობუსი, სადაც კომპანიას ჰქონდა ვალდებულება, რომ ეს ავტობუსები გამოესყიდა. მინდა, დადასტურებულად გითხრათ, რომ პირველი ივლისი იყო ის თარიღი, როდესაც უნდა დასრულებულიყო ჩვენ მიერ შეძენილი 300 ერთეული მიკროავტობუსის გამოსყიდვა. კომპანიამ ეს მიკროავტობუსები გამოისყიდა იმ ღირებულებით, რა ღირებულებითაც ჩვენ შევიძინეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი და კომპანია, კიდევ 700 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდიან.

„მიღებული თანხებით ვაპირებთ, კიდევ დამატებით შევისყიდოთ მიკროავტობუსები. კომპანიას აქვს ვალდებულება, შეიძინოს დამატებით 400 ერთეული მიკროავტობუსი. საერთო ჯამში, ეს ახალი შესყიდვა 700 ერთეულია. 300 უკვე ნაყიდი გვყავს და ჯამში, 1 000 მიკროავტობუსი წლის ბოლოდან უკვე დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. წლის ბოლოდან ქალაქში აღარ იმოძრავებს არცერთი ძველი, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს წარმოადგენდა, თუნდაც თავისი გამონაბოლქვით. იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ, მოემსახურება ახალი, მოწესრიგებული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ჩვენთვის, მნიშვნელოვანი რეფორმები დავიწყეთ ამ მიმართულებით, რომლებიც მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ყურადღება დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება. თბილისის მერის განცხადებით, პანდემიის მიუხედავად, პროექტი არ შეჩერებულა და ამ ეტაპზე, ისტორიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ პანდემიამ მთელ ქვეყანაში და დედაქალაქშიც სერიოზული პრობლემები შექმნა. ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტზე უარის თქმა, დროებით შეჩერება და გადადება მოგვიწია, თუმცა, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, გარკვეული პროექტების განხორციელება გავაგრძელეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო კადეტთა კორპუსი. ეს არის მთაწმინდის რაიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ინგრეოდა და მასში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე, განხორციელდა შენობის ერთი ფლიგელის სადემონტაჟო სამუშაოები და არასადემონტაჟო ფლიგელის ავარიული ღიობების გამაგრება ლითონის კონსტრუქციებით. სამუშაოების ფარგლებში, დასრულდა ქვაბულის გამაგრება ლითონის კონსტრუქციით და ასევე, კონსტრუქციული გამაგრება ჩაუტარდა ისტორიულ სადარბაზოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ე.წ. კადეტთა კორპუსის ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 14 მილიონი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.

„სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა იერსახის შენარჩუნებით; გვიანი პერიოდის მინაშენების ნაცვლად, დაგეგმილია ახალი, თანამედროვე იერსახის მინაშენების მოწყობა; მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის სხვენი და მისი გადახურვა, თუმცა, არ იცვლება ახალი სხვენის ფორმა; კეთილმოეწყობა ეზო. პროექტისთვის, დაახლოებით, 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და დასრულების ვადა 2023 წლის პირველი კვარტალია. საკმაოდ დიდი შენობა-ნაგებობაა და სენსიტიური სამუშაოა, ძეგლის მნიშვნელობიდან და ავარიულობიდან გამომდინარე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიდევ ერთი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაა, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქისთვის მერიისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არასახარბიელო მდგომარეობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და შენარჩუნებაა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ყველა თაობისთვის ძვირფასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია საინჟინრო ქსელების მოწესრიგება, საყრდენი კედლის გამაგრება და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ინტერიერში ოთახებისა და სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებთან ერთად, გათვალისწინებულია მხატვრულ- დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე, დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაცია.

„ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ნაგებობაა და ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შენობა-ნაგებობები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, განვაახლოთ და ასე დავუტოვოთ მომავალ თაობებს. სამწუხაროდ, ბევრი შენობა-ნაგებობა არასახარბიელო მდგომარეობაშია. მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ მეტი მსგავსი შენობა-ნაგებობისა და უბნის რეაბილიტაცია შევძლოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ სამუშაოებით, რომელიც გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ხორციელდება, არ შემოვიფარგლებით. გარშემო უამრავი პატარა ქუჩაა, ყველგან ვაპირებთ შესვლას და ანალოგიური სამუშაოების ჩატარებას. უამრავ ადამიანს აქვს სურვილი, ის სამუშაოები, რაც ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე ჩატარდა, მათ ქუჩებზეც განხორციელდეს. პირობას ვიძლევით, რომ ამ კონკრეტული პროექტით არ შემოვიფარგლებით და მას გაგრძელება მოჰყვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარს შეადგენს. შენობის სრული რეაბილიტაცია 2023 წლის მესამე კვარტალში დასრულდება. გარდა ამისა, თბილისის ორ დიდ რაიონში, ვარკეთილის დასახლებასა და დიდ დიღომში მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები აშენდება. კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონის ობიექტზე კონტრაქტორი კომპანიის მიერ შექმნილი პრობლემების გამო, თბილისის მერია ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტს, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი ტენდერს გამოაცხადებს.

„შპს „ალიანსს“ სამგორის რაიონში მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადად 610 კალენდარული დღე, დასრულების თარიღად კი 2021 წლის 17 ივნისი განესაზღვრა. აღნიშნულ კომპანიას ავანსის სახით ჩაერიცხა სრული ღირებულების 25% – დაახლოებით, სამი მილიონი ლარი, რათა მოეხდინა მობილიზება და შეკვეთა წინასწარ გაეკეთებინა. პანდემიის დროს გამოცხადებული მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, კომპანია სარგებლობდა ყველა შეღავათით და დახმარებით მუნიციპალიტეტის მხრიდან, თუმცა, მან ვერ შეძლო სამუშაოები დროულად ეწარმოებინა. გარდა ამისა, ობიექტზე მუდმივად ფიქსირდებოდა მუშახელის და მასალების სიმცირე. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ რამდენჯერმე მიიღო სიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება, ასევე, არაერთხელ იქნა გამოყენებული საჯარიმო სანქცია. დღეის მდგომარეობით, იმის ნაცვლად, რომ სამუშაოები დასრულებული იყოს, სამუშაოების ღირებულების 28%-ია ათვისებული. აქედან გამომდინარე, თბილისის მერია აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დიდ დიღომში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

„ანალოგიური პროექტი ხორციელდება დიდ დიღომში, სკოლა „ფესვების“ მიმდებარედ, სადაც სამშენებლო პროცესი პროექტისა და გეგმის სრული დაცვით მიმდინარეობს. აღნიშნული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება. ეს ყოველივე მოწმობს, რომ მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, კეთილსინდისიერი კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის პროექტები შეუფერხებლად ხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, 11 ივლისს, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ წიგნის მეორე ფლიმარკეტი გაიმართება. წიგნის ფლიმარკეტზე ახალი და მეორეული წიგნები, სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება. გარდა ამისა, ორი სპორტული მოვლენის – უიმბლდონის ტურნირისა და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება.

„11 ივლისს, „მზიურის“ პარკში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, წიგნის მეორე ფლიმარკეტი გაიმართება. ამჯერად, მისი მთავარი თემა სპორტი იქნება, რაც დიდ სახალხო დღესასწაულს ნიშნავს. წიგნის ფლიმარკეტზე კერძო პირები, ბუკინისტები და წიგნის მაღაზიები ახალ და მეორეულ წიგნებს გაყიდიან. ასევე, გაიყიდება წიგნის თემატიკის სუვენირები და ხელნაკეთი ნივთები, სპორტული ინვენტარი, ფანშოპით იქნება წარმოდგენილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლებსაც მინდა თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. როგორც იცით, ამ დღეს ორი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა დაგეგმილი: უიმბლდონის ტურნირის ფინალური დაპირისპირება და ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალი, რომელშიც იტალია-ინგლისი შეხვდება ერთმანეთს. მე იტალიას ვგულშემატკივრობ. ორივე შეხვედრის ტრანსლაციას დიდ ეკრანზე განვახორციელებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფლიმარკეტის სტუმრებს მიეცემათ საშუალება, მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნონ წიგნებით, სპორტული დაპირისპირებითა და ბუნებაში ყოფნით“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ფლიმარკეტის სტუმრებს საშუალება ექნებათ, თავიანთ საყვარელ სპორტსმენებსა და მწერლებს შეხვდნენ, რომლებთან ერთადაც, ფინალის ყურებას და ლიტერატურაზე საუბარს შეძლებენ.

„ამასთან, მინდა საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. უკვე შეთანხმებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ჩართვა სწორედ ჩვენი ფლიმარკეტიდან განხორციელდება, რაც იქაურობას ქვეყნის ერთგვარ ეპიცენტრად აქცევს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენს მიერ რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეებს ყოველდღიურად ბევრი ადამიანი სტუმრობს. „მზიურის“ პარკი უკვე იქცა ჩვენი თანაქალაქელებისთვის საყვარელ ადგილად, იქაურობის წიგნიერებისა და ცხოვრების ჯანსაღ წესთან ასოცირება კი ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0