„ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვიხილეთ. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების ოცი პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო ძალიან მძიმე სანახავი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში განუცხადა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ირაკლი კობახიძე დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება იქიდან გამომდინარე, რომ არ ვარ საქართველოში, არ ვიყავი იმ მომენტში საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება. ასეთი იყო მოვლენების განვითარება. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამაზე ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როდესაც ვმონაწილეობდი სესიის გახსნაზე. იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არაფერი საერთო არ აქვს არც ქრისტიანობასთან, არც მართლმადიდებლობასთან და ეს არის ის ფაქტი, რაზეც ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და რაზეც ყოველთვის გავამახვილებთ ყურადღებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სესიის არსებული ფორმით გაგრძელების არ დაშვება მისი მყისიერი მოთხოვნა იყო.