მისასალმებელია უფრო მეტი საქმიანი დისკუსია და თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის რათა პოლიტიკამ საქართველოში ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო და უკეთესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უზრუნველყოს

05/08/2019

„მივესალმები თქვენს ჩართულობას ამ პოლიტიკურ დიალოგში და მივესალმებით ცვლილებებს იმისათვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, იყოს უფრო მეტი საქმიანი დისკუსია და უფრო მეტი თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმისათვის, რათა პოლიტიკამ საქართველოში ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო და უკეთესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება უზრუნველყოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას განაცხადა.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის პოლიტიკური კონსულტაციების მესამე რაუნდი გაფართოებულ ფორმატში ტარდება. სამუშაო შეხვედრაში პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მოახდინა წინა შეხვედრებზე გაჟღერებული წინადადებების და შეთავაზებების კონსოლიდაცია და შემუშავდა საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეხვედრის მონაწილე სუბიექტებს შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ფართო ჩართულობით განხორციელდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და სარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს სამუშაო პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის წევრები, ორი დღის განმავლობაში, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ იმსჯელებენ და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს, ასევე, მონაწილე სუბიექტების მიერ წარდგენილ წინადადებებს განიხილავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0