„იმ დროს, როდესაც ქვეყანა ემზადება, რომ უმასპინძლოს პირველ უცხოელ ტურისტებს და ზოგადად, ჩვენი ეკონომიკა ეტაპობრივად იხსნება, ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესმაც და მოსახლეობამაც უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვას. ამ მხრივ, პერიოდულად დეზინფექციის ჩატარება აუცილებელია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია, რომ ქართული ბიზნესი უცებ გადაეწყო და გაზრდილ მოთხოვნას უპასუხა“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მცხეთის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი ორი საწარმოს – „ეკო ბოჰემიასა“ და „ელექსირის“ სამუშაო პროცესის გაცნობის შემდეგ.
კომპანია „ეკო ბოჰემია“, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებების მსხვილი მწარმოებელი იყო, ამჟამად საქართველოს ბაზრისთვის ხელის ანტისეპტიკურ საშუალებებსა და სხვადასხვა ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარებს აწარმოებს. საწარმო, სადაც 45 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. რაც შეეხება კომპანია „ელექსირს“, მისი წარმოებული ბიოსადეზინფექციო საშუალება ფლობს ხარისხის ნიშანს, სურსათის უვნებლობის, გარემოზე ზემოქმედების უვნებლობის და სხვა საერთაშორისო აღიარებებს. საწარმოში დღიური წარმოება 25 ტონას აღწევს. საწარმოში ექსპორტის დიდი მოთხოვნის გამო, თანამშრომელთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.
„დღეს ორი კომპანიის საწარმოო პროცესს გავეცანი. ორივე მათგანი ბაზარზე ძალიან მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებს. ეს არის ქართული წარმოება და იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორი ნიჭიერია ქართული ბიზნესი, როგორ სწრაფად აუღო ალღო შეცვლილ მოთხოვნას და დადგა მოსახლეობის გვერდით, როდესაც ამის საჭიროებაა“ – განაცხადა ნათია თურნავამ.