„მისასალმებელია, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან კულტურის სფერო განსაზღვრულია პრიორიტეტულ მიმართულებად და კულტურის პოლიტიკა განხილულია, როგორც უმნიშვნელოვანესი მიმართულება ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ელისო ბოლქვაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს. მისივე შეფასებით, სამინისტროს მიერ დაფინანსებული მუსიკალური ფესტივალები და კონკურსები ემსახურება ეროვნული კულტურის პოპულარიზაციას და ახალი ტალანტების გამოვლენას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
„ამ მხრივ აღსანიშნავია, საქართველოს ეროვნული პავილიონის წარდგენა ვენეციის არქიტექტურის მე-18 ბიენალეზე, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „ ევროპალია-საქართველო“, რომელიც მალე დაიწყება. ასევე თეატრალურ-ქორეოგრაფიული წარმოდგენები და ლიტერატურული პროექტები. მნიშვნელოვანია ფაქტია სამინისტროს მიერ 2023 წელს დაფუძნებული „ლევილის ქართული ფესტივალი“, რომელიც მომავალში ტრადიციად დამკვიდრდება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ფესტივალებს შორის გამოყო ბათუმის შავი ზღვის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, ასევე ისაუბრა ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფიროსმანის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე და მუზეუმების განვითარების ხელშეწყობაზე. „საშემოდგომო სესიაზე იგეგმება 2 კანონპროექტის პარლამენტში განხილვა თეატრების და სახელოვნებო განათლების შესახებ. სახელოვნებო განათლების რეფორმა, კულტურის კომიტეტის ინიციატივაა შექმნის დღიდან. 2007 წელს სისტემური რღვევის შედეგები მძიმედ აისახა სახელოვნებო განათლებაზე და ამ მიმართულებით არსებობს მრავალი გამოწვევა, რომელიც უნდა დაარეგულიროს კანონმა და უზრუნველყოფს ხარისხიანი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა რეგიონში“, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.
ელისო ბოლქვაძის ინფორმაციით, პარლამენტის კულტურის კომიტეტმა სამოქმედო გეგმის მიხედვით დაიწყო თემატური მოკვლევა „ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში“.
„აუცილებელია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და განვითარება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს შესაბამისი პროგრამები. თემატური მოკვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც გადაეცემა შესაბამის უწყებებს, დაეხმარება შშმ პირთა არსებული მდგომარეობის მკვეთრად გაუმჯობესებას საქართველოში და უზრუნველყოფს მათი სოციუმში ინტეგრირების მაღალ ხარისხს“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.