ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ბათუმში საზღვაო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. ნათია თურნავა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ესტუმრა. დღეს საზღვაო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი აიცრა, პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგრძელდება.
„დღეს დავიწყეთ საზღვაო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს სფერო უსაფრთხოდ ფუნქციონირებდეს. კოვიდის პერიოდი ისე გადავიტანეთ, რომ ჩვენი პორტები უსაფრთხოდ და შეუფერხებდა ფუნქციონებდა და ამიერიდანაც ასე უნდა იყოს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
საზღვაო სექტორის წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ როგორც მეზღვაურები, ისე პორტის თანამშრომლები და უმაღლესი საზღვაო სასწავლებლების პერსონალი. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, უკვე არის მოთხოვნები სხვადასხვა გემთმფლობელებისგან, რომ ვაქცინირებულები იყვნენ გემზე დასაქმებულები.
მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, ერთადერთი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არსებითად შემცირდეს ვირუსით ინფიცირების ალბათობა.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ადამიანს, ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც შეხვდება ვირუსი, არის სერიოზული გართულებების მინიმალური საფრთხე. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ – მე თავად ვარ ვაქცინირებული, ჩემი ოჯახის წევრები არიან ვაქცინირებულები, რაც შეიძლება სწრაფად ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – განაცხადა მინისტრმა.
ნათია თურნავამ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ვეღარ გადაიტანს მასშტაბურ ჩაკეტვას, აქედან გამოდინარე, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა და პანდემიასთან ასე ბრძოლა. მან მადლობა გადაუხადა საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მაღალი პასუხისმგებლობის და სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო.