მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტების შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

19/04/2018

მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულთათვის სოციალური პაკეტების შემუშავებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მეოთხე, რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. სპეციალური ჯგუფი შახტში მომუშავეთა ჯანმრთელობის დაზღვევის, საპენსიო და საშემოსავლო საკითხებზე იმუშავებს. აღნიშნული ინიციატივა დასაქმებულთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს ეკუთვნით. ასევე, „საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფი“-ს მინდელის სახელობის შახტში შრომის უსაფრთხოების პირობებზე აუდიტი განხორციელდება. პროცესში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები ჩაერთვებიან. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის მეშვეობით ადგილზე არსებული რისკები შეფასდება და სამოქმედო გეგმა გაიწერება.
დღეს გამართულ შეხვედრაზე, სამთო საქმეში კადრების პროფესიულ მომზადებაზე იმსჯელეს. სხდომაზე, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილი, ასევე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0