„მადლობა მინდა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ – საქართველოს პარლამენტს. მინდა გითხრათ აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ჩვენთვის არასდროს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, ჩვენ არასოდეს შეგვშინებია მწვავე კითხვების და დისკუსიების და რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემთ ინსტიტუტებს. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს და აბსოლუტურად მზად ვართ დისკუსიისთვის. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ აქ ავიღეთ გარკვეულ ვალდებულებები 2018 წელზე და რა თქმა უნდა, ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შარშან დაიგეგმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს რეფორმა შემდეგი მიმართულებებით: სტრუქტურული რეფორმები, შინაარსობრივი რეფორმები, საკანონმდებლო რეფორმა და ინფრასტრუქტურა.
გიორგი გახარიამ 2018 წლის კონკრეტულ შედეგებზე და იმ მიზნებზე ისაუბრა, რაც დასახულია 2019 წელს.
მან ყურადღება გაამახვილა კრიმინალური პოლიციის რეფორმაზე და განაცხადა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა იყო ფუნქციათა აღრევა და სპეციალიზაციის არ არსებობა.
„სწორედ ამიტომ, რეფორმირების ფარგლებში, ჩვენ დავყავით რამდენიმე მიმართულება. პირველ რიგში ეს გახლავთ: საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული. დღეის მდგომაროებით, თბილისის მასშტაბით წლის ბოლოსთვის დასრულდება ამ ფუნქციონალური გაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერატიული თანამშრომელს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი. შესაბამისად, ამ რეფორმის ფარგლებში მოხდა გამომძიებლების ცოდნის და პროფესიონალიზმის გაზომვა და დაიწყო მათი გადამზადება ახალი პროგრამებით,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, 2019 წლის ბოლომდე სრულად დასრულდება ფუნქციების გამიჯვნა და ასევე, თბილისში დასრულდება ახალი ინსტიტუტის – მართლწესრიგის ოფიცრის იმპლემენტაცია.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციის ნაწილში გრძელდება რეფორმირების შემდგომი ეტაპი და ეს რეფორმები შეეხება, როგორც ეფექტურობის ამაღლებას, ასევე ადმინისტრაციული პროცედურების ავტომატიზირებას და მათ სრულყოფას.
„ამ რეფორმის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც შეიქმნა საპატრულო პოლიციაში. მსგავსი რამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში არ არსებობდა და დღეის მდგომარეობით, ჩვენი მოქალაქეები 50-მდე მომსახურებას იძენენ აბსოლუტურად ერთი ფანჯრის პრინციპით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საზღვრის დაცვა-სასაზღვრო პოლიცია.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინტეგრირებულ საზღვრის მართვა არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის. აქ ჩვენ გვაქვს სერიოზულ დახმარება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ვიმედოვნებთ, რომ ეს დახმარება გაგრძელდება. აქ გაჩნდა ახალი მიმართულება – სანაპირო დაცვის კომპონენტი. დღეის მდგომარეობით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ ჩვენ გადმოგვეცა ორი „აილენდის“ მარკის გემი და ეს ის საშუალებაა, რომელიც აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და გახსნას ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება, რაც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის არ არსებობდა. იმ გადამზადების ფორმატებით, რომელიც გააჩნია სასაზღვრო პოლიციას დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს პერიოდში – 2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვაზე ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში შექმნილ, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობაზეც ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გარკვეულ მიღწევები და ეს ეხება ძირითადად ყველა სახის დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშულების გამოვლენას. ამ მიმართულებით კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი და 2018 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში არ ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან რეაგირება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, დროებითი მოთავსების იზოლატორები ინფრასტრუქტურულ ნაწილში გადახალისდა.
„არ არსებობს არც ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორი, სადაც ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა სრულად არ ფუნქციონირებს და დღეის მონაცემების ამ სისტემების მონაცემები ინახება 120 საათის განმავლობაში. 7-დან 14-მდე გაიზარდა იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, სადაც არსებობს მუდმივი სამედიცინო მომსახურეობა, ხოლო 2019 წლის ბოლომდე ყველა 29 დაწესებულებაში იფუნქციონირებს მუდმივი სამედიცინო მომსახურება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პოლიციის აკადემიაზე საუბრისას, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დაპირებისამებრ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემია უკვე არის მხოლოდ პოლიციელების პროფესიული სასწავლებელი, მას ჩამოერთვა უმაღლესი განათლების ფუნქცია და ის თავიდან ბოლომდე კონცენტრირებულია პოლიციელების გადამზადებაზე.
მისივე თქმით, პრინციპულად შეიცვალა შინაგან საქმეთა სამინსიტროში მიღების წესი და პოლიციის აკადემია არის ერთადერთი კარიბჭე, მხოლოდ და მხოლოდ რისი გავლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება შინაგან საქმეთა სამინსიტროში მუშაობის დაწყება.
„პრინციპული სიახლეა ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროში უკვე დაიწყო ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლგაზრდა, რომელიც იწყებს სწავლას პოლიციის აკადემიაში, ის უკვე იღებს ანაზღაურებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის ანგარიშში ისაუბრა საპოლიციო ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ კომპონენტზე.
„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს არცერთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც არ იყოს აღჭურვილი სამხრე კამერით და სამხრე კამერით აღბეჭდილი ინფორმაცია ინახება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაზე საუბრისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაპირებისამებრ, წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდება 1400 კამერა, 350 კილომეტრი საგზაო მონაკვეთის გადაფარული იქნება სექციური კამერებით, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო სისტემაში იმოქმედებს დაახლოებით 5000 ვიდეო-სამეთვალყურეო კამერა და სრულად გადაფარული იქნება 700 კმ-მდე გზები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაიხსნება პოლიციის ახალი შენობები, ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, განახლდება და თავიდან აშენდება ოთხი სასაზღვრო პუნქტი.
გიორგი გახარიამ ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის საკითხზე, მათ შორის: სახელფასო ანაზღაურების გაზრდაზე, ბინათმშენებლობაზე, განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და სხვა. ასევე სამინისტროს საქმიანობაზე საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, უწყების მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ მწვავე კითხვებისთვის, და მწვავე დისკუსიისთვის“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.