მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი

22/04/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი სტადიონის მშენებლობის, მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალის აშენებისა და განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის შესახებ.

„მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი, – ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. დღეს გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. 30-ე წლისთავზე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა, – ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 16 მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შორის დაიკავეს ადგილი; წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ; ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი. მედლების რაოდენობა არის გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც თანამიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ასეთი წარმატებები ჩვენ არ გვქონდა იმ ცნობილი 9 წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო დღევანდელი ოპოზიცია, 90-იან წლებთან შედარებითაც კი, მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები. მინდა გაგახსენოთ კონკრეტული მოვლენები, რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს არჩეულ პრეზიდენტს განცხადება გადადგომაზე. არაფერს არ ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს” გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე. მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, „თბილისის დინამო”, ჩვენი ისტორიული კლუბი და კლუბი ფაქტობრივად განადგურების პირამდე მიიყვანეს. ნულოვანი წარმატება გვქონდა ჩვენ მთელი ის წლები ევროტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისის დინამოს” ათ თამაშში აქვს 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი. ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის „თბილისის დინამოს” ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის ზუსტად იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ, მაგრამ თვითონ დამოკიდებულება ამ ყველაფრიდან ჩანს. ეს ადამიანები „თბილისის დინამოს” სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს. რამდენიმე დღის წინაც გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება „თბილისის დინამოს” სახელით და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში „თბილისის დინამოს” მფლობელი. ეს არის ყველაფერი იმ პოლიტიკის გამოვლინება, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას და რომელმაც მიიყვანა ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე, და ჩვენ დაგვჭირდა წლები იმაში, რომ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა და მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც ჩვენს სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღეს. ასევე მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მე მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო უარი უთხრეს ნაკრებში გამოძახებაზე ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს. მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, რომ არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დროს გაყიდეს „ნორჩი დინამოელის” უნიკალური ბაზა, რომელმაც თაობები აღზარდა.

„ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლია, ნაკრების ფეხბურთელებს უწევდათ თბილისში ჩამოფრენა თამაშებზე საკუთარი ხარჯით. ზოგჯერ ჰპირდებოდნენ პოსტ ფაქტუმ ამ ხარჯების ანაზღაურებას და იყო შემთხვევები, როდესაც პოსტ ფაქტუმაც არ უნაზღაურებდნენ ხარჯებს. ანუ, ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე. ასეთი რაღაცები ხდებოდა. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს სპორტმა. ეს ყველაფერი აღიკვეთა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს გვაქვს ჩვენ თანამიმდევრული პოლიტიკა, რასაც, ბუნებრივია, მოაქვს თავისი შედეგები. ასევე შეგახსენებთ, რომ დაანგრიეს ბათუმის სტადიონი. ქალაქი, რომელსაც აქვს ასეთი სპორტული, საფეხბურთო ტრადიციები, წლების განმავლობაში დატოვეს საერთოდ სტადიონის გარეშე და რომ არა ჩვენს დროს დაინიციირებული და განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტი, ბათუმს დღესაც არ ექნებოდა სტადიონი. ეს იყო მათი დამოკიდებულება სპორტის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა. კიდევ ერთი სრულიად აღმაშფოთებელი მოვლენა, – მაშინ ადგნენ და გაყიდეს „ნორჩი დინამოელის” უნიკალური ბაზა დიდუბეში, რომელიც იყო არა მარტო ბაზა, ეს იყო უნიკალური კომპლექსი თავისი უნიკალური ისტორიით, სადაც გაიზარდა დინამოელების ყველა თაობა და ეს ტერიტორია უბრალოდ აიღეს და გაყიდეს. თან, მოატყუეს ერთ-ერთი უცხოელი ინვესტორი, სამშენებლოდ გაყიდეს და არ უთხრეს, რომ ქვემოთ გადიოდა მეტრო. შესაბამისად, თან დაანგრიეს უნიკალური ბაზა და თან უცხოელ ინვესტორს ისე მისცეს ტერიტორია, რომ იქ მშენებლობა არის შეუძლებელი. ეს იყო დამოკიდებულება. არ უნდა გიყვარდეს არც ქვეყანა, არც ქალაქი, არაფერი უნდა გიყვარდეს რომ ასეთი რამ გააკეთო. როგორ შეიძლება „ნორჩი დინამოელის” უნიკალური ბაზა, რომელიც 1949 წელს აშენდა და, კიდევ ერთხელ გავიმეორებ თაობები გაზარდა, აიღეს და გაასხვისეს, კორუფცია და ათასი მიზეზი, აღარ მინდა ჩამოვთვალო. ჩვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არის რადიკალურად განსხვავებული, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე და განვაგრძოთ ზრუნვა სპორტზე, ფეხბურთზე”, – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.

„გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება, კონკრეტულად ფეხბურთსა და რაგბის. გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის სახეობას მოემსახურება და გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე. სტადიონი იქნება უმაღლესი თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არა აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. ახალი აეროპორტის მშენებლობა წაადგება სტადიონის სწორად დატვირთვას. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის. თბილისს ექნება უნიკალური სტადიონი, 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი და სათანადოდ განხორციელდება ეს პროექტი. საჭირო იქნება აქტიური მუშაობა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება დაკავებული ამ პროექტით. ფინანსთა სამინისტროს უნდა ვთხოვოთ ამ პროექტის უზრუნველყოფა. უახლოეს მომავალში ჩვენს ქალაქს უნდა ჰქონდეს ახალი, უნიკალური სტადიონი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალის აშენების საკითხზეც, რაც მისივე თქმით, ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში.

„მეორე საკითხი არის მესტიის აეროპორტი. ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების, რეგიონული მიმოსვლის განვითარება. იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადები, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. პირველი კვარტალიც მიმდინარე წელს იყო ძალიან კარგი, – რომ შევადაროთ ამა წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა ვიზიტორების რაოდენობის კუთხით, ვუმასპინძლეთ 1 300 000-ზე მეტ ვიზიტორს, საიდანაც 1 მლნ იყო ტურისტი. შესაბამისად, გვჭირდება განვავითაროთ ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ტურისტებს მაქსიმალური პირობები შევუქმნათ საქართველოში. ასევე, შიდა აეროპორტების განვითარება მნიშვნელოვანია შიდა მობილობის მხარდაჭერისთვისაც, მათ შორის, რეგიონიდან სხვა რეგიონებში, ქალაქებში გადაადგილების ხელშესაწყობად. ამისთვის აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია – „გრინ სტუდიო”, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების. მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი. შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და სწორედ სამინისტროს ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში,” – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზეც ისაუბრა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დოკუმენტი ეფუძნება პატრიოტიზმსა და ეროვნულ სულისკვეთებას.

„მესამე საკითხი უკავშირდება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს. ჩვენ ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე ამ თემაზე გვქონდა საუბარი, მაშინ მომზადებული იყო პროექტი. ეს პროექტი განხილულ იქნა, შედგა შესაბამისი საჯარო განხილვები საკმაოდ ფართო ჩართულობით. აქ იყვნენ პარლამენტის, შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლები, ჩართული იყვნენ ასევე დარგის ექსპერტები, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, სკოლების დირექტორები, მათ შორის, კერძო სკოლების დირექტორები, ასევე სტუდენტები და ამ საჯარო განხილვების საფუძველზე შედგა უკვე საბოლოო სახით დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ღირებულებებსა და პრინციპებს – ეს არის პატრიოტიზმი და ეროვნული სულისკვეთება, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა, სახელმწიფო ენა, ისტორია და კულტურა, ეთნიკური მრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა, თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი საზოგადოება, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს მშენებლობა, მდგრადი განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა, ჩართულობა, ტოლერანტობა და სამართლიანობა, მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი, მორალური და ეთიკური პრინციპები; უფლებები, ვალდებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა, გარემოსდაცვითი ცნობიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური, ესთეტიკური, სოციო-ემოციური განვითარება, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, აკადემიური ცოდნა და წიგნიერება, კომუნიკაციის მაღალი კულტურა, ციფრული მოქალაქეობა, შემოქმედებითობა და სიახლეთა მიმღებლობა. ამ დოკუმენტის საფუძველზე გაუმჯობესდება სასწავლო პროგრამები, გაუმჯობესდება საგანმანათლებლო რესურსები და სასკოლო გარემო, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის დასახული მიზნების მიღწევას. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ 2004 წელს შედგა წინა დოკუმენტი. 20 წელია ეს დოკუმენტი არ შეცვლილა, შესაბამისად, აუცილებელი იყო დოკუმენტის არსებითად გადასინჯვა და დიდი მადლობა, განათლების სამინისტროს, რომ უზრუნველყო შესაბამისი დოკუმენტის პროექტის მომზადება, საჯარო განხილვები, რის საფუძველზეც მომზადდა მაღალი ხარისხის დოკუმენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით, მათ შორის, გლობალური ტენდენციები, საკმაოდ სარისკო ნეგატიური ტენდენციები და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, იმ ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენ მოგვდგამს საუკუნეების მანძილზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში. ასეთ შემთხვევაში გაუმჯობესდება ჩვენი ახალგაზრდების განათლების ხარისხი, ღირებულებების გააზრება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა, რითაც დაკავებული იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0