მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს მოუსმინეს, სადაც მან სამინისტროს 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წელი გამორჩეული იყო სამინისტროსთვის. მიმდინარეობდა 5600 პროექტი, რომელშიც დასაქმებული იყო 27 000 ადამიანი და 1500 კომპანია. შედეგად, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ინვესტირებული იყო 2 მლრდ 500 მლნ. ლარზე მეტი, რაც 311 მლნ. ლარით, ანუ 14%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც, 2021 წელს 6,5 მილიარდი ლარის 303 პროექტი მიმდინარეობდა, რომელშიც 97 კომპანია, მათ შორის, 88 ქართული და 9 უცხოური კომპანია მონაწილეობდა. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში 70 კმ. ახალი მაგისტრალური გზა გაიხსნა. მომხსენებელმა რიკოთის საუღელტეხილო გზის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 52 კმ გზაზე 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, საიდანაც სამუშაოები პარალელურად 88 ხიდზე და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. მინისტრის ინფორმაციით, წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება. მისი თქმით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის, 14 კმ-იან მონაკვეთზე. ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, ასევე, წელს დასრულდება სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული გზის პირველი და მეოთხე მონაკვეთები და გრიგოლეთი-ქობულეთის 11 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა. მომხსენებლის ინფორმაციით, დაწყებულია ქვეშეთი-კობის ისტორიულ პროექტზე მსოფლიოში უნიკალური, 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის უწყვეტი გვირაბის მშენებლობა კლდოვან ქანებში. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებულია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი, საგზაო უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისი გზის მშენებლობაც, რომელიც ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად დამატებით შესაძლებლობებს მისცემს გუდაურს, ისევე, როგორც მისასვლელი გზის მიმდებარე სოფლებში ახალი საკურორტო დასახლებების შექმნას შეუწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია შიდა ინფრასტრუქტურული, მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული მცირე პროექტებიც. მომხსენებლის ინფორმაციით, სამუშაოები დაწყებულია 85 კმ-იან კახეთის მაგისტრალზე, სადაც 35 კმ-ზე უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„მთლიანობაში, კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, დაგეგმილია 2 მლრდ. ლარის ინვესტირება, საიდანაც 600 მლნ. ლარის პროექტები უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა მინისტრმა.
მთლიანობაში 2021 წელს 500 კმ. გზაზე მეტი იქნა რეაბილიტირებული და აშენებული ხოლო, 2022 წლისთვის უკვე შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულია 600 კმ. მისი თქმით, მაღალი ტემპით მიმდინარეობს სამუშაოები ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე, სადაც 2023 წელს 73-კმ-იანი ახალი გზა იქნება. ასევე, გრძელდება სამუშაოები ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მშენებლობაზე. მომხსენებელმა წყალმომარაგებაზე, ამ კუთხით მიღწეულ პროგრესსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად მზარდი ბიუჯეტის პირობებში, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი განვითარებისთვის, წელს ისტორიულად ყველაზე მაღალი 380 მილიონი ლარის დაფინანსებაა განსაზღვრული.
„მთლიანობაში მხოლოდ წყალმომარაგების კომპანიის დაფარვის არეალში 2025 წლის ბოლოსთვის 1 მილიონ ადამიანზე მეტს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, რაც ქვეყნის მასშტაბით უკვე ნიშნავს, რომ მოსახლეობის 70%-ს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის ქვეყნის 100% მოსახლეობის ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გაწეულ სამუშაოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 67 ახალი სკოლის მიმდინარე მშენებლობიდან 56 უკვე დასრულებულია ხოლო, 11 ახალი სკოლის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება. მისივე თქმით, მიმდინარეობს 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, რომლის 60 % უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენი ეტაპობრივად დასრულდება.
მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, 2021 წელი გამორჩეული იყო სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც, წარმატებულად დასრულებული საერთაშორისო სტანდარტების ხაშურისა და ფოთის სტადიონების და ფოთის სპორტკომპლექსის მშენებლობის, ასევე, ზუგდიდის სტადიონის ადაპტაციის პარალელურად, ქვეყნის 4 დიდ ქალაქში – რუსთავში, ზუგდიდსა და ახალციხეში დაიწყო სპორტული კომპლექსების, ხოლო ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული მყარი ნარჩენების მართვის კუთხით. მისი თქმით, აშენდა და აღიჭურვა ნარჩენების გადამტვირთავი 5 სადგური, მუნიციპალიტეტებს გადაეცათ 160 ერთეულზე მეტი თანამედროვე სპეციალური ტექნიკა და 20 000-ზე მეტი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი. პარალელურად, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან დაიხურა 24 არსებული ძველი ნაგავსაყრელი, 30-ს კი სისტემატურად უტარდება მოვლა-შენახვის და რეაბილიტაციის სამუშაოები.
„2030 წლისთვის ყველა არსებული ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება და 6 ახალი რეგიონული ცენტრი აშენდება. ამ მიმართულებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 613 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“, – განაცხადა მომხსენებელმა.
ირაკლი ქარსელაძემ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემუშავებულ ქვეყნის განვითარების 10 წლიან სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა მიმართულების განვითარებას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში 32 მილიარდი ლარი მოხმარდება. რაც შეეხება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მიმდინარე პროექტებს, მინისტრის თქმით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა წარმატებით განხორციელდა. მისი თქმით, ბევრგან უკვე სრულდება პროგრამის პირველ ეტაპზე დაფინანსებული ურბანული განახლების სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 300 მილიონი ლარის სამუშაოები და გრძელდება პროგრამის მეორე ფაზის განვითარებაც.
„დეცენტრალიზაციის 5 წლიანი სტრატეგიის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სამუშაოების 90% შესრულებულია, ხოლო 10% მეტწილად შესრულებული“, – განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, გრძელდება მაღალმთიანი დასახლებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებების მხარდაჭერა.
“მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წელს ომის შედეგად დაზიანებული 28 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შედეგადაც მოსახლეობა დაბრუნდება სოფელში“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
მისი ინფორმაციით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 262 475 ადამიანი და 497 საწარმო.
„კანონის ამოქმედებიდან დღემდე, კანონით გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათებზე სულ მიემართა დაახლოებით 402.7 მლნ ლარი, საიდანაც 2021 წელს დაახლოებით 96.5 მლნ ლარი, რაც 19% ით მეტია 2020 წელს აღნიშნული მიმართულებით გაწეულ დაფინანსებასთან მიმართებაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება“, – განაცხადა მინისტრმა.
მთავრობის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალურ თუ ინფრასტრუქტურულ განვითარებაში ევროკავშირის მხარდაჭერ პროექტებზეც ისაუბრა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს და საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა მრავალწლიანი მხარდაჭერის გარეშეც სამინისტროსთვის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შედეგიანი განხორციელება, როგორც დეცენტრალიზაციის, ისე რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, შეუძლებელი იქნებოდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტის წევრების კითხვებს უპასუხა.