IX მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლო სასესიო კვირის დღის წესრიგი განიხილა პარლამენტის ბიურომ დღევანდელ სხდომაზე. მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს, ასევე კანონპროექტს „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის“. დღის წესრიგს დაემატა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“, „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტი და სხვა საკითხები. მიმდინარე სასესიო კვირაში პარლამენტი 170-ზე მეტ კანონპროექტს განიხილავს.
ბიურომ იმსჯელა ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესაბამის კომიტეტებში განსახილველად განაწილების თაობაზე.
იმსჯელეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ პარლამენტის კომიტეტებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებისა და პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე. ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ პაატა კვიჟინაძის არჩევის საკითხი. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“, „ევროპული საქართველო -რეგიონების“ და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მომართვა პოლიტიკური ბოიკოტის გაგრძელებისა და პარლამენტის 10-13 დეკემბრის პლენარულ სხდომებზე არდასწრების შესახებ.
ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა მინისტრის საათის გამართვის განრიგში ცვლილების შესახებ. კერძოდ, მიმდინარე კვირაში მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მოხსენების მოსმენის თაობაზე.
ბიუროს წევრებმა იმსჯელეს სხვა საორგანიზაციო საკითხებზეც.
მიმდინარე კვირაში პარლამენტი განიხილავს „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს
09/12/2019