მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში, ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს

26/07/2016

ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გააზრებული, მოქნილი და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ვითარებაზე ადაპტირებადი დიპლომატია გახლავთ; ის, რომ დღეს საქართველოში მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობებია, ქვეყანა განუხრელად მიუყვება ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას და ახორციელებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, რა თქმა უნდა, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ერთ-ერთი გამოხატულებაა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ამბასადორიალი 2016”-ის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამბასადორიალი , საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას და დიპლომატიურ კორპუსს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ერთად შეაჯამონ გასული წლის საქმიანობა, ისაუბრონ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კიდევ უფრო კონსოლიდირებულს ხდის ერთობლივ ძალისხმევას, გამოწვევებითა და შესაძლებლობებით სავსე საერთაშორისო გარემოში.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ გასულ წელს, ამ ფორმატში, დაისახა პრიორიტეტები და ერთობლივი ძალისხმევით, შესაბამისი ქმედებების დიდი ნაწილიც წარმატებით განხორციელდა.
პრემიერის განცხადებით, ყველა აცნობიერებს, რა სირთულის ტენდენციებს აქვს ადგილი მსოფლიო პოლიტიკაში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ივლისის დეკლარაციამ ცხადყო, რომ ქვეყანაში არსებული პლურალიზმისა და აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნების განხორციელებაში, პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს კურსი საქართველოს მოქალაქეების არჩევანია და გამოხატავს მთელი საზოგადოების სწრაფვას, ჰქონდეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომლის ყურადღების ცენტრშიც არის ადამიანი, მისი თავისუფლება და უსაფრთხოება და ამ გზით დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში.
“საქართველოს მოქალაქეების ამ დაკვეთის შესრულების კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს მიაღწია. 1-ლი ივლისიდან ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ახდა არაერთი თაობის ოცნება – ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია და პოლიტიკური ასოცირება – რაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უკვე არის ჩვენი პოლიტიკური განვითარების, მრავალი წარმატებული რეფორმისა და, ზოგადად, ქვეყნის ევროპული გზის დასტური. ეს პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია შესული. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მოგზაურობაზე გადაწყვეტილება უბრალოდ დროის საკითხია და ის უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. აქ საუბარი არ არის უბრალოდ უვიზო რეჟიმზე, ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გარდატეხა საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში. ამიტომ, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღნიშნული საკითხი უმოკლეს ვადებში გადაწყდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ის მხარდაჭერა და დაპირებები, რომლებიც საქართველომ ნატოს ვარშავის სამიტზე მიიღო, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩრდილოატლანტიკურ ბლოკსა და საქართველოს შორის არსებულ, სიღრმითა და მასშტაბით უნიკალურ პარტნიორობას, პროგრესს ინტეგრაციის გზაზე და საქართველოს წევრობის გარდაუვალობას.
“ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ხელს უწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ზრდის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს იმას ნიშნავს, რომ იხსნება ახალი შესაძლებლობები, ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბდეს უსაფრთხოების უფრო ფართო რეგიონის ნაწილად – რეგიონისა, რომლის სახელმწიფოთა ნაწილიც ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან. თავის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, ქვეყანა განაგრძობს ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილეობას. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის მოცულობით, კვლავ ვრჩებით პირველი, ალიანსის არაწევრ სახელმწიფოთა შორის. ეს არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს შესწევს უნარი, იყოს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი გლობალურ უსაფრთხოებაში” – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა, ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტზე საქართველოში, რომელმაც, მისი შეფასებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ რჩება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი მემორანდუმი, „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“, ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის.
“მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში, ვფიქრობთ, მეტი სივრცე და შესაძლებლობა არსებობს თანამშრომლობის მთელი რიგი მიმართულებებით განმტკიცებისთვის, იქნება ეს უსაფრთხოება, ეკონომიკა თუ ხალხთაშორისი კონტაქტები. ჩვენი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს,რათა კიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს პრიორიტეტია, მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს მჭიდრო, ურთიერთსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები. საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელს რეგიონს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
“იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, ცხადია, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი, თუმცა შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება,განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება სწორედ გრძელვადიანი, გონივრული და თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან. გარდა ამისა, ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენი ევროპული დღის წესრიგი და აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის განვითარება ხსნის, შესაძლოა, დამატებითი მყარი საფუძველი გახდეს საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობისა და კონტაქტების გასაძლიერებლად. ჩვენის მხრივ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობის სარგებელი ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.
“ჩვენო პატივცემულო ელჩებო, თქვენ ბედნიერი ადამიანები ხართ, რადგან წარმოადგენთ ქვეყანას, რომლითაც შეგიძლიათ მხოლოდ იამაყოთ. დღეს, საქართველო არის თავისუფალი სამყაროს ღირსეული წევრი, რომელიც საკუთარი ისტორიითა და კულტურით, დემოკრატიითა და სამშვიდობო პოლიტიკით, ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებისკენ სწრაფვით არის გამორჩეული და წარმოადგენს მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის”, – მიმართა პრემიერმა ქართველ დიპლომატებს.
პრემიერმა, მთავრობის სახელით, ელჩებს მადლობა გადაუხადა და კიდევ უფრო წარმატებული საქმიანობა უსურვა.
“ამბასადორიალი 2016”-ის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0