მთაწმინდის პარკში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე, რომელიც ფონდის, თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები და მის საფუძველზე შემუშავებული ხედვა წარადგინეს. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ბოლო წლებში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება სხვადასხვა პროექტის სახით, ასევე, შეჩერდა მწვანე სივრცეების ხარჯზე განაშენიანება.
„ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ: სკვერებისა და პარკების მოწყობა, განახლება და რეაბილიტაცია, ასევე, დაგეგმილი გვაქვს ახალი, საქალაქო პარკების მშენებლობა. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც რეკრეაციული სივრცეების, სკვერებისა და პარკების ხარჯზე ხორციელდებოდა სამშენებლო სამუშაოები, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ვფიქრობ, ქალაქში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ყველაფერი შეიძლება მოსწონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელს არ შევუშლით ქალაქის ურბანულ განვითარებას, მშენებლობებიც განხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სწორად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა დედაქალაქის შემადგენლობაში არსებული ტყეების მდგომარეობის გამოსწორებას და ამ მიზნით, ფონდ „ქართუს“ მიმდინარე პროექტს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში 700 ჰექტარი გამწვანდება. ეს ტერიტორია მოიცავს კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარე სივრცეებს, ხოლო სამხრეთით ემიჯნება ოქროყანის დასახლებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტირება მოხდება, გარდა ამისა, გათვალისწინებულია როგორც ტურისტული, ასევე სპორტული საფეხმავლო ბილიკების პროექტების განხორციელება. ამ ყველაფრისთვის, როგორც ქალაქის მერმა და რიგითმა მოქალაქემ, მსურს, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. ეს არის ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი, რომლის ფარგლებში მთლიანად აღდგება მთაწმინდის ფერდობის და მიმდებარე ტერიტორიების ტყე. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, არის სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებიც, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, თუმცა ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო, წარმატება ვუსურვო ჩემს ქალაქს და მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიზანია არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები. პროექტის შემუშავებაში ჩართული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრი, მისი ლაბორატორიები და სპეციალისტები. პრეზენტაციას საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა მთაწმინდის ფერდობზე, სიმბოლურად, ნერგები დარგეს.