მთლად დარწმუნებული პრემიერ-მინისტრიც არ არის, რომ ეს საგარეო კურსი სწორია, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ”თამაზ მეჭიაურისა და ”ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკური კურსები ერთმანეთს არის აცილებული”.
”ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის განწყობები, რომელიც მოსახლეობაშია. ხელისუფლების კურსს უნდა განსაზღვრავდეს მოსახლეობის განწყობა. თავის დროზე ნატოს-თან დაკავშირებით ჩატარდა რეფერენდუმი თუ პლებისციტი და რატომღაც ყველა ცდილობს გვერდი აუაროს ერთ ფაქტს – იმ პერიოდში ყველა იძახდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თუმცა რატომღაც არავის დაუყენებია ეჭვქვეშ იმავე არჩევნების ეს მეორე ნაწილი. ესეც ხომ არ იყო გაყალბებული? ამასაც რომ თავი დავანებოთ, ყველაფერი იცვლება. უძრაობაში არ უნდა ვიყოთ. თუნდაც იმან, რომ ნატო-სკენ კი ვისწრაფით, მაგრამ მეორე მხრიდან ეს სურვილი არ არის, ნატო-ს წამყვანი ძალა უკვე ღიად თავს არიდებს უკრაინისა და ჩვენს მიღებას იმ პრობლემებიანად, რაც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა მეჭიაურმა.
მისივე თქმით, თუ ხელისუფლება მზად არის, ღიად უთხრას მოსახლეობას, რომ ერთადერთი გზა ნატო-ში შესვლის არის უარის თქმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე და ამის შემდეგ მიიღებს ალიანსის მხარდაჭერას, ეს სხვა საკითხია.
”მე მგონია, ხელისუფლებას არ გააჩნია ის ბერკეტები, რომ აიძულოს ნატო, ამ პრობლემებიანად მიგვიღოს. თუ არ გააჩნია, მაშინ რატომ არის აცდენა ჩემი და მისი საგარეო კურსისა? – ამიტომ საჭიროა ჩატარდეს კიდევ ერთი პლებისციტი ამ საკითხთან დაკავშირებით. პრემიერს და ბატონ ბიძინასაც აქვთ თავიანთი ხედვა, პროდასავლური ორიენტაციისა. პრემიერი ძალიან გონიერი კაცია, მე შევეცდები დავარწმუნო, რომ ეს საგარეო კურსი სწორი არ არის და ეს დარწმუნება გამოიხატება იმაში, თუ როგორ სიას წარადგენს”, – აღნიშნა მეჭიაურმა.