მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული მასშტაბისაა

24/05/2021

„მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბური პროექტია, რომელიც აქამდე არ განხორციელებულა “, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. კახა კუჭავამ მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომელმაც პროექტი დააფინანსა.

„დღეს მოვინახულეთ სამუშაოები, რომლებიც ხორციელდება იმისთვის, რათა ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილს თბილისში – მთაწმინდის ფერდობს, მთლიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. ეს არის, ალბათ, ისტორიულად მასშტაბური პროექტი, რომელიც ადრე არასდროს განხორციელებულა და ის ათეულობით მილიონი ლარი ჯდება. მადლობა ფონდ „ქართუს“, რომელმაც ეს თანხები გაიღო, რათა თბილისს,ოთხ სეზონზე გათვლილი, მარად გამწვანებული ფერდობები ჰქონდეს, გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება ეკოტურიზმის ნაწილში და ლამაზი ხედებით თბილისის თითოეულმა მკვიდრმა ისიამოვნოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან, მერიის, ფონდ „ქართუსა“ და ფონდ „განვითარება და გარემოს“ წარმომადგენლებთან ერთად, მთაწმინდაზე იმყოფებოდა, სადაც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0