მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 30-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთი კვირის მონაცემით, კი 140-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა, რაც სწრაფი ზრდის მაჩვენებელია. საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს ინფიცირების 348 დადასტურებული შემთხვევა და ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გავრცელების ეტაპი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან. მთავრობამ, დროულად მიიღო ზომები, რათა შეეჩერებინა Covid-19-ის გავრცელება. მოქალაქეთა მობილობის შემცირების მიზნით, 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, გუშინ 21:00 საათიდან შესვლა-გამოსვლაც აიკრძალა. სპეციალისტების მკაცრი რეკომენდაციების მიუხედავად, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ მოძრაობა მაინც საკმაოდ ინტენსიური რჩება, რაც ყველაზე დიდი საფრთხის მატარებელია. დღეს კი, თანამედროვე მსოფლიოში, სამწუხაროდ არ არსებობს, უფრო ეფექტური გზა და საშუალება ვებრძოლოთ Covid-19-ს, ვიდრე სოციალური დისტანციის დაცვაა. ამიტომ, მთავრობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში! ამ მიზნით, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, დაწესებული ზომების დამატებით გამკაცრების შესახებ. ხვალ, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვასა და დისტრიბუციის მანქანებზე.
„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ასევე მუშაობას აგრძელებს ე.წ „დილივერი სერვისი”. ამასთან, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ნებართვის მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. მათ ასევე შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ ნომერზე – 144,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ხვალიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.
„პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. შეგახსენებთ, რომ იურიდიული პირებისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით,”- აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ყველა ზედმიწევნით არ დაიცავს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და მთავრობას მოუწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს.
„იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში! ყოველი დამატებითი შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, ინფიცირებულთათვის ჯანდაცვის სერვისების სრულყოფილად მიწოდებას და რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური დანაკარგით, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას და ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით ჩვენი ეკონომიკის ხელახლა ამუშავებას. ამიტომ, მოგიწოდებთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი! დარჩით სახლში! ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა,”- მიმართა ირაკლი ჩიქოვანმა მოქალაქეებს.