ტყიბულში ხელისუფლებას, ინვესტორებსა და მეშახტეებს შორის მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მეშახტეების მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მათ ორშაბათს ხელფასები ჩაერიცხებათ. ასევე, შემოვა ახალი ინვესტორი, რომელიც შახტის ინვენტარიზაციას მოახდენს და სავარაუდოდ, ნოემბრიდან ნახშირის მოპოვების პროცესი განახლდება.გარდა ამისა, ახალი ინვესტორი იღებს ვალდებულებას უახლოეს დღეებში წარმოადგინოს საინვესტიციო გეგმა და სამომავლოდ გააფართოვოს წარმოება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, მეშახტეების პრობლემების გასაცნობად ჩავიდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი ელგუჯა გოცირიძე და მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე. მინისტრის განცხადებით, მთავრობა მკაცრად გააკონტროლებს, რომ დღეს გაცემული ყველა დაპირება შესრულდეს. ნათია თურნავას თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი, რისი ვალდებულებაც კომპანიამ აიღო. მინისტრის ინფორმაციით, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“ თავად მოიძია ინვესტორი.
„ეს არის ქართული ჯგუფი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის მადნის ტრეიდინგში გამოცდილება, ჰყავთ უკრაინელი პარტნიორები და მათგან მოვისმინეთ საკმაოდ დამაჯერებელი გეგმა ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.