მთავრობა იბრძვის პროდასავლური ფასეულობების წინააღმდეგ

06/09/2016

მთავრობა იბრძვის პროდასავლური ფასეულობების წინააღმდეგ, რათა მოიგოს შემდეგი არჩევნები და მხარს უჭერს პრორუსულ ძალებს, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ სასტუმრო „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც საერთაშორისი კონფერენცია მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსული პროპაგანდა არის ის საკითხი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ ფუნდამენტურად არ ეთანხმება მთავრობას.

„ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სახალხოდ უჭერს მხარს ქსენოფობიურ და პრორუსულ გაზეთს საქართველოში, როგორიცაა „ასავალ-დასავალი“, თითქოს ეს არის ქართული ჟურნალისტიკის სტანდარტი. ის ამით მხარს უჭერს რუსულ პროპაგანდას, იმის ნაცვლად, რომ მას დაუპირისპირდეს. ასევე ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი, თავისი ოჯახის ფოტოს ქვეყნის ყველაზე ქსენოფობიური გაზეთის პირველ გვერდზე აქვეყნებს და ამბობს, რომ ეს ჩემი საყვარელი გაზეთიაო, ესეც ჩემთვის არის ერთგვარი მოწოდება და მხარდაჭერა რუსული ქსენოფობიური პროპაგანდის საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნდა კვლევები, რომელშიც საუბარია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს ხარჯავს და ირიბად აფინანსებს პრორუსულ მედია საშუალებებს. ასე არ ხდება დაპირისპირება რუსულ პროპაგანდასთან“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ამის პარალელურად ხელისუფლება უპირისპირდება პროდასავლურ მედიას, როგორიცაა „რუსთავი 2“ და აღნიშნულ ტელევიზიასთან დაკავშირებით ყველა ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ უჭერს მხარს ქსენოფობიურ პარტიას, როგორიცაა „პატრიოტთა ალიანსი“. მისივე შეფასებით, ამის პარალელურად ხდება თავდასხმა პროდასავლური პარტიის მიმართ, მისი ლიდერები არიან ციხეში და მათ მიმართ შეტევები ხორციელდება.

„ქვეყანა მისულია იმ მომენტამდე, როცა რამდენიმე კვირის წინ ქართული ტელევიზიებით გავიდა რეკლამა, სადაც საუბრობდნენ, რომ რუსული ძალების დაკანონება მოხდება საქართველოში. როცა ტელევიზიით ამგვარ რეკლამას ხედავ, ეს არის ძალიან საშიში. თუ ჩვენ ამ ტენდენციას გავყვებით, ეს შეცვლის საზოგადოების შეხედულებას და შეიძლება რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ. ამის საპასუხოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ნაბიჯებს, რომელსაც ხელისუფლება დგამს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია არჩევნები მოიგოს. ბაქრაძის განმარტებით, ხელისუფლებას ის მიაჩნია მტრად, ვინც რეალურად არ არის საშიში, რადგან პროდასავლური ორიენტაცია საქართველოსთვის კარგია, ხოლო ვისაც ხელისუფლება მხარს უჭერს, ისინი არიან საშიშები, რადგან პრორუსული ძალის წარმომადგენლები არიან.„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერრთი ლიდერის საპასუხოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ოთხი წლის წინ საქართველოში საქმე გვქონდა მედიათავისუფლების საკითხებთან და „ადამიანებს აპატიმრებდნენ სატელიტური თეფშებისთვის, დღეს ასე არ ხდება და ნებისმიერს შეუძლია განახორციელოს მაუწყებლობა“.

„მთავრობა იბრძვის პროდასავლური ფასეულობების წინააღმდეგ, რათა მოიგოს შემდეგი არჩევნები და მხარს უჭერს პრორუსულ ძალებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0