მთავრობა აქტიურად იწყებს სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირებას

10/10/2023

მოგესალმებით ყველას, ბატონო ელჩო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, პატივცემულ სტუმრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რათა მოვისმინოთ მინისტრისგან პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ეკონომიკური საბჭოს ფორმატში არაერთხელ განვიხილეთ ის, თუ ზოგადად როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად პროფესიული განათლება. იცით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა განათლების რეფორმის არის ხარისხიანი განათლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა საფეხურზე, განათლების სისტემის ყველა დონეზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება დაიწყო განათლების სფეროში.

„მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ დაახლოებით მილიარდი ლარი გამოვყავით ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენ მილიარდი ლარი გამოვყავით საშუალო სკოლების განვითარებაში, რეაბილიტაციაში, მშენებლობაში. ეს პროცესი დაწყებულია, უკვე დაახლოებით ამის ნახევარი, 400 სკოლის კონტრაქტი არის გაფორმებული და მშენებლობა – დაწყებული. ასეთივე მდგომარეობა არის ბაგა-ბაღების მშენებლობის ნაწილშიც, რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ გავაოთხმაგეთ ზოგადად პროფესიული განათლების ბიუჯეტი და მინდა გითხრათ რომ, დღეის მდგომარეობით, 30 საჯარო პროფესიული კოლეჯი არის შექმნილი, სახელმწიფო კოლეჯი არის შექმნილი, 40-ამდე ლოკაცია არის გამოყოფილი თავის ფილიალების ჩათვლით. მე ვგულისხმობ, 45 კერძო კოლეჯი ფუნქციონირებს დღეს ქვეყანაში და წელს რეკორდული 95 მილიონი ლარი გვქონდა პროფესიული განათლების ბიუჯეტი. ჯამში – 200 მილიონი ლარი დავხარჯეთ ბოლო 10 წელიწადში პროფესიული კოლეჯების განვითარებაში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი გამოწვევა, რაც გამოიკვეთა კონსულტაციების შედეგად, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარებაა.

„ახლა რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მთავარ გამოწვევას, იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი, რაც გამოიკვეთა, მათ შორის – ბიზნესთან, მქონდა მე არაერთი შეხვედრა, მათ შორის – ძალიან გულწრფელი საუბრები, მთავარი გამოწვევა ეს არის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა-განვითარება. გვესმის კარგად, რომ მძლავრი ეკონომიკური განვითარების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სწორედ მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და პროფესიონალების ჩამოყალიბება, რომელთა ცოდნა და უნარები სრულ შესაბამისობაში იქნება დამსაქმებლისა და კერძო სექტორის საჭიროებებთან. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას. წარვუდგენთ – ბიზნესს, საზოგადოებას. ეს არის საუკეთესო, პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული წინადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. ეს არის რეალური საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში ჩვენ მიერ თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ამასთან თქვენთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმე, პრესტიჟის გაზრდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებელია, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ, მთავრობამ და ბიზნესმა – ორივემ ერთად”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა აქტიურად იწყებს სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირებას, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდეგ მათ ექნებათ საშუალება, თავად გადაწყვიტონ, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.

„ასევე მინდა რამდენიმე კონკრეტული ციფრი მოგაწოდოთ და ფაქტებით გესაუბროთ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის კვალიფიციური მუშახელი დღეს ბაზარზე. გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, მაგრამ არ არის მიწოდება, ასე ვთქვათ, კვალიფიციური მუშახელისა, რაც სერიოზული პრობლემაა. ჩვენ 2-3 წლის წინ გვქონდა პირიქით მდგომარეობა, შეიძლება ასე ითქვას. დღეს სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. აი, მაგალითს გეტყვით, რომ იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოში შემოსული ვაკანსიების თანახმად, ჯერ მხოლოდ ამაზე მინდა გესაუბროთ, გამოიკვეთა ყველაზე მსხვილი სფეროები, ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, განთავსების საშუალებები, სასტუმროები, უზრუნველყოფა და საკვების მიწოდების საქმიანობა, კვების ობიექტები, როგორიც არის სარესტორნო ბიზნესი და ა.შ. ასევე მესამე მიმართულება – ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები. მეოთხე მიმართულება – ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობა. სულ, სააგენტოში, დღეის მდგომარეობით, 10 000-მდე ვაკანსია არის დაფიქსირებული. უფრო საინტერესოს გეტყვით ახლა, რა ხდება. შარშან ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, საინტერესო, საკმაოდ ყოვლისმომცველი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა. შარშან გამოიკვეთა შემდეგი მდგომარეობა, რაც უნდა ითქვას, რომ საგანგაშოა და სწორედ აი ამ კვლევაზე დაყრდნობით და ბოლო თვეებში, რაც აქტიურად ვიმუშავეთ, შევიმუშავეთ დღევანდელი კონცეფცია, რომელსაც ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ. გამოიკვეთა, რომ შარშან, 1 სექტემბრის მდგომარეობით, ბოლო 1 წლის განმავლობაში, საწარმოთა 32%-ს ჰქონდა ვაკანსია, რომელმაც ჯამში, თითქმის 140 000 ვაკანსია შეადგინა, ვაკანსიების ჯამურმა რაოდენობამ. ეს, რა თქმა უნდა, არის საგანგაშო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა და აღნიშნა, რომ ბოლო 3 წელიწადში, სიღარიბე და უმუშევრობა შემცირდა.

„სიღარიბე და უმუშევრობა დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე. თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა – 27%-ზე მეტი. დღეს არის დაახლოებით 17% უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე – 15%-ზე ჩამოსული. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში ბოლო 10 წელიწადში. ამიტომ, ჩვენ ახლა ამ გამოწვევას რომ ვუპასუხოთ ეფექტური ქმედებით და ნაბიჯებით,ამ საჭიროებებზე და ამ გამოწვევაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ საინტერესო კონცეფცია, კიდევ მინდა გავიმეორო. რა თქმა უნდა, ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბიზნესთან კოორდინაციას და კოორდინირებულ მუშაობას. პრაქტიკულად ჩვენ თუ სწორად დავგეგმავთ ყველა ამ პროფესიას და ამ პროგრამებს, შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით იქნება გარანტირებული დასაქმება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩააბარებს პროფესიულ კოლეჯში, რა თქმა უნდა, დაამთავრებს, ისწავლის და შეიძენს საჭირო უნარ-თვისებებს. აი, ეს მინდოდა მოკლედ მეთქვა თქვენთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს, რომელმაც ძალიან აქტიურად იმუშავა ბოლო თვეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაინიშნა მინისტრად.
ვფიქრობ, საინტერესო კონცეფცია არის, მანამდე, რა თქმა უნდა, სააგენტოში იყო დამუშავებული მთელი რიგი ხედვები და ახლა ვთხოვ ბატონ მინისტრს, რომ წარმოგიდგინოთ ეს ახალი ხედვა და კონცეფცია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა წარუდგინა საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს. ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას. სახელმწიფო, კერძო სექტორთან/დამსაქმებლებთან ერთად, პროფესიულ განათლებაში განახორციელებს ინვესტიციებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მომზადებას, რაც დასაქმების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის. სახელმწიფოს მხრიდან ეს გახლავთ კერძო სექტორისთვის შეთავაზებული ინოვაციური მიდგომა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის ფარგლებში, კვალიფიკაციების განახლებას, სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროფესიული განათლების დაფინანსების მოდელის განახლებას გეგმავს. ასევე დაიწყება მუშაობა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე პროფესიული განათლების მაქსიმალური ინტეგრირების მიზნით. მნიშვნელოვანი სიახლეებია დაგეგმილი პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებითაც, რაც გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას და მათ კვალიფიკაციათა ამაღლებას გულისხმობს. სამინისტრო ხედვით გათვალისწინებული ინიციატივების დანერგვას მიმდინარე წელს დაიწყებს, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობასა და მიმზიდველობას გაზრდის. პრეზენტაციას პარლამენტისა და მთავრობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0