დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა,- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე. მისივე თქმით, ანტირუსული რიტორიკა ისმის თბილისშიც და საერთაშორისო პლატფორმებზე.
“დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკაა, რომელიც ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი ისმის. ჩვენ ბუნებრივია ამას ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ – ან დავუბრუნდეთ კონფრონტაციას, ან გავაგრძელოთ ურთერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა”, – განაცხადა კარასინმა.