„ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს. მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის და კინკლაობის დრო. დღეს მნიშვნელოვანია კონცენტრირდეს ყველა საერთო ეროვნულ ამოცანაზე, რასაც ჰქვია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე მუშაობა. მისი დამოკიდებულებაც ცნობილია. ის არის გულშემატკივარი ჩვენი წინსვლისა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ამიტომ სწორედ ეს იყო გზავნილი, რომ ჩვენ, ჩვენი მხრივ მას მივცეთ შესაძლებლობა, რომ ეს წინსვლაში დახმარება მისგან კიდევ უფრო ინტენსიური იყოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკომისართან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეკომენდაციების შესრულება და დაჩქარდეს ქვეყნის პროგრესი ევროკავშირის გზაზე.
„მე ვუთხარი კიდეც კომისარს, ის ფაქტობრივად პროცესის შუაგულში ჩამოვიდა საქართველოში. დღესაც კი მისი შეხვედრის შემდეგ ყველა ვბრუნდებით დარბაზში და განვიხილავთ კანონპროექტებს, რომელიც სწორედ ამ 12 პუნქტს ეხება. მოვახსენეთ სად ვდგავართ დღეის მდგომარეობით, კანონპროექტების კუთხით, რა გეგმები გვაქვს. მან დააფასა, რომ ჩვენ ვცდილობთ სწრაფად ვიმუშაოთ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მხარეს გადმოსროლილი ბურთი ევროკავშირს მალე გადავაწოდოთ უკან, იმისთვის, რომ შემდგომ ევროკავშირისგან გვქონდეს ჩვენი პროგრესის შეფასების მოლოდინი. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის ზოგად, ეკონომიკურ კონტექსტშიც, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი ნაწილისა. იმისთვის, რომ ენერგომატარებლების ალტერნატიული გზები და მიწოდება მოხდეს ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირისთვის კიდევ დამატებით როლს და ღირებულებას ანიჭებს საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.