მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან

31/03/2023

„დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული ბიურო ღირსეულად და პროფესიონალურად შეასრულებს თავის მისიას და ფუნქციებს. პარლამენტი, როგორც საზედამხედველო ინსტიტუცია, მზად არის მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, რომ თქვენი საქმიანობა იყოს ღია და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განპირობებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ამავე დროს, არის იმ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, რომელზეც საქართველო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობს.

„ჩვენი ანტიკორუფციული პოლიტიკა, ზოგადად, შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან ეფექტიანი, მთელი რიგი საერთაშორისო შეფასებებით, რომელიც ქვეყანაში კორუფციის აღქმებს, მთავრობის კეთილსინდისიერებას, ქრთამის აღების რისკებს, საჯარო სერვისების ეფექტიანობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ღიაობას ეხება, საქართველო რეგიონის ლიდერია და უსწრებს ევროკავშირის და ნატოს ბევრ წევრ ქვეყანას, რაც თავისთავად მნიშნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ პრიორიტეტებზე, რომელიც პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობისთვის განისაზღვრა.

„ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სწორედ ამ მიდგომით იმუშავა საქართველოს პარლამენტმა, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც დეტალურად გააანალიზა ანტიკორუფციული ინსტიტუციური სისტემა და ანალიზის საფუძველზე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ერთი ინსტიტუციური ქოლგის ქვეშ მოეყარა თავი სხვადასხვა მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ ფუნქციას: პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი; საჯარო მოხელეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი; ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხების რეგულირება; სტრატეგიული დოკუმენტების და რეკომენდაციების შემუშავება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა არის არა მიზანი, რომელიც მიღწეულია, არამედ მუდმივი პროცესი და პარლამენტი მუდმივად ზრუნავს ამ მხრივ ინსტიტუტების, პროცედურების და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებაზე.
ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სასამართლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0