მე სანამ აქ ვიქნები, თქვენ უბატონოდ ხმას ვერავინ გაგცემთ, – ასე მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგებს. განათლების მინისტრისა და პედაგოგების შეხვედრაზე სისტემაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო სასწავლო პროგრამებს, სახელმძღვანელოებს, ტექნიკურ აღჭურვილობას, სასკოლო ინვენტარს, ინფრასტრუტურას, ხელფასს. დღევანდელ შეხვედრაზე პედაგოგებმა მინისტრს ათეულობით წერილი გადასცეს.მინისტრმა პედაგოგებს უთხრა, რომ ყველაფერს კითხულობს, რასაც ”ფეისბუქზე” და ელექტრონულ ფოსტაზე წერენ, ამიტომ მათ ურჩია, მიწერონ ელექტრონული წერილები.
”დღეს პირველად გავიგე, რომ მინისტრიც ადამიანია”, – აღნიშნა შეხვედრაზე ერთ-ერთმა პედაგოგმა. ასევე, ერთ-ერთმა მასწავლებელმა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმის გაცნობიერებისთვის, რომ პატივაყრილი და შეშინებული მასწავლებელი თავისუფალ მომავალს ვერ შექმნის.
განათლების მინისტრი მასწავლებელთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულების პედაგოგებს დღეს შეხვდა. შეხვედრა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც 700-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.