მე რომ მყავდეს ჩემი წარმომადგენელი პრაღაში, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა გრიგორი კარასინს

21/03/2016

მე რომ მყავდეს ჩემი წარმომადგენელი პრაღაში, სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა გრიგორი კარასინამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი დასაზუსტებელია.

“გრიგორი კარასინს პასუხი უნდა გასცეს ზურაბ აბაშიძემ. გრიგორი კარასინის ვიზავი პრაღის ფორმატში არის ზურაბ აბაშიძე. როგორც მოვისმინეთ, კარასინის განცხადებებზე პასუხი არ ყოფილა გაცემული. აბაშიძემ თავისი განცხადებით ჭკუა დაგვარიგა ქართულ მხარეს, რომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ. არ მგონია, რომ მე პოლემიკაში უნდა შევიდე კარასინთან. მე მგონია, რომ პრაღის ფორმატი დასაზუსტებელია – როგორც ვიცით, ის არის ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე სასაუბრო ფორმატი, ხოლო ისეთი ტიპის განცხადებებს, როგორიც კარასინმა გააკეთა, უნდა ყავდეს ადეკვატური პასუხის გამცემი პრაღის ფორმატშივე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, პრაღის ფორმატის წევრების შეცვლაზე მას საუბარი არ შეუძლია, ვინაიდან წარმომადგენელი არ ჰყავს.

“ჩვენს სტრატეგიულ კურსს რუსეთთან ურთიერთობის რაციონალულ ჭრილში გადაყვანისა, ვერ შეცვლის ამა თუ იმ პოლიტიკოსის მძაფრი რიტორიკა. ამ სტრატეგიული კურსის უკან დგას სახელმწიფო ინტერესები. საქართველოს რუსეთს უნდა ელაპარაკებოდეს მშვიდად. მე აბაშიძე-კარასინის ფორმატის წევრების შეცვლაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან აბაშიძე არ არის ჩემი წარმომადგენელი, ის პრემიერის საგანგებო წარმომადგენელია. მე რომ მყავდეს წარმომადგენელი, ჩემი წარმომადგენელი სხვა ტიპის პასუხს გასცემდა და სხვა ტიპის მესიჯს მიიტანდა კარასინამდე”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0