მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან

10/04/2023

მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და თავისუფალი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა მიუღებელია.

„დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო, დღევანდელი შეხვედრისთვის. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან, ასევე მოსამართლეებთან, საბჭოს წევრებთან. ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს. სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი, თავისუფალი ყოველგვარი ჩარევებისგან, როგორც შიდა ჩარევებისგან, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან რაიმე გავლენის მოხდენა მოსამართლეებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის. მით უმეტეს, სუვერენული ქვეყნის, სუვერენულ სასამართლოზე და მოსამართლეებზე. მე ასევე დავუდასტურე პატივცემულ მოსამართლეებს ჩვენი სრული მხარდაჭერა. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ სასამართლოს დამოუკიდებლობა, სასამართლოს თავისუფლება ყოველგვარი ჩარევებისგან, ყოველგვარი ზეწოლისგან. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა და მთავარი მიზანი, რომლისკენაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, ვისწრაფვით. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გავატარეთ ფუნდამენტური რეფორმები სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლო გამხდარიყო ისეთი, როგორიც არის დღეს – დამოუკიდებელი და თავისუფალი. თავისუფალი, დამოუკიდებელი ყოველგვარი ჩარევებისგან. მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მიუღებელია და არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ქვეყნის ჩარევა. იქნება ეს შიდა ჩარევა, მთავრობის მხრიდან თუ სხვა, ნებისმიერი სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. ასევე, რა თქმა უნდა, დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში. მოსამართლეების მიმართ კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი ჩაიბარა მთავრობამ სასამართლო 2012 წელს.

“მე ასევე მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, პარტნიორებს და ყველას, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, აბსოლუტურად, როგორც იტყვიან, დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა. როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი ჩავიბარეთ ჩვენ სასამართლო 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, მე ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო მართული ერთი ადამიანის მიერ, კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და ამავდროულად იყო სასამართლოსთვის ინსტრუქციის მიმცემი. სასამართლო იმ დროს იყო რეალური პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი და ჩვენ სასამართლოს ვუთხარით, რომ იმ დღეს, როცა გახდა „ქართული ოცნება” ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი. მე ასევე მახსოვს ჩვენი საუბრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეების მიმართ ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ზომები არ უნდა მიგვეღო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც არაფერი გაგვიკეთებია, პირიქით, ჩვენ მოსვლის დღიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს. ასევე მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საელჩოების, რომ მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ, რაც ასევე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა. 4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი. ამას ადასტურებს იგივე, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევები. მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში. ამის მაჩვენებელია ის სტატისტიკა, რომელიც მინდა ახლა მოვიყვანო მაგალითისთვის. 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული. 4000-5000 საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში. რატომ, მეგობრებო?! იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. წელს სტრასბურგში გაგზავნილ იქნა მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი. ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ და ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში. და ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, მე ვამაყობ ყველა მოსამართლით, ისინი არიან ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს, ყველა მოსამართლეს, თქვენი საქმიანობისთვის. ჩვენ, როგორც მთავრობა და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი თავისუფლება. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ თქვენს ინიციატივებს, ახალ პროგრამებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს სასამართლო რომ გვაქვს კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან თავისუფალი, ეს რა თქმა უნდა, არის ჩვენი გუნდის დამსახურება და რა თქმა უნდა, ქალბატონი ნინოსა და მოსამართლეების დამსახურება”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0