მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციასთან

08/11/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგი გამართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
“ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე, ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება. მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს – ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული. საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მე მინდა, ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა, საქართველოს პარლამენტს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ვინაიდან ეს იყო ჩვენი საერთო მუშაობის შედეგი. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში, ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ პოზიტიური, დადებითი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, მე მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – ამერიკის შეერთებულ შტატებს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ერთი თვის წინ მქონდა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან გარდამტეხი და გადამწყვეტი შეხვედრები, შეიძლება ასე ითქვას. მინდა გამოვყო შეხვედრა ბატონ სალივანთან და პირადად მას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან, კარგად ვიცით, რომ ბატონი სალივანის და ამერიკის მთავრობის სურვილი მხარდაჭერა იყო და არის დიდი მნიშვნელობის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელთანაც მქონდა საკმაოდ შინაარსიანი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შეხვედრა ესპანეთში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თუ რაიმე დაზუსტება იყო საჭირო, ჩვენმა გუნდმა ერთიანად მოვახერხეთ და ძალიან მოკლე პერიოდში დავხურეთ თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც იქნა მოცემული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ხალხს, პირველ რიგში, ვინაიდან ეს გამარჯვება და ეს აღიარება, ეს ღირსეული გადაწყვეტილება, მე ასე ვიტყოდი, ეკუთვნის ჩვენს ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება წარმოადგენს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, საჯარო მოხელეებს, მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენს დიპლომატებს, კიდევ ერთხელ ჩვენს პარლამენტს, ვინაიდან 100-ზე მეტი დოკუმენტი იქნა მიღებული, შექმნილი და უზარმაზარი სამუშაო, უდავოდ უნდა ითქვას, გასწია მთელმა გუნდმა. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ დიალოგს ისე, როგორც ვაგრძელებდით მანამდეც ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. მჭიდრო კოორდინაცია გვექნება ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და აქვე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა ჩვენმა სიმართლემ და კიდევ ერთხელ მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას. რაც მთავარია, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, გახსოვთ კარგად, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და, შეიძლება ასე ითქვას, გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს და საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება. შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ჩვენი გუნდის მიერ მიღწეული შედეგებისა. დღევანდელი დღე, შეიძლება ასე ვთქვათ, არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, შეიძლება ასე ითქვას, ევროპეიზაციის 10 წელი, შეიძლება ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან 10-წლიან პერიოდს, ვინაიდან თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა, რაიმე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის “ქართული ოცნება”. ეს არის ასოცირების შეთანხმება, შეგახსენებთ, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რომელიც შარშან მივიღეთ და ახლა უკვე კანდიდატის სტატუსი, რომელიც დეკემბერში საბოლოოდ, მე მჯერა, გაფორმდება. ეს არის მოკლედ შეჯამება ჩვენი მუშაობის, მმართველობის. ქვეყანამ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ბოლო 11 წელიწადში მიაღწია უპრეცედენტო მშვიდობას, სტაბილურობას, მიუხედავად არნახული გამოწვევებისა და გართულებული უსაფრთხოების გარემოსი ჩვენს რეგიონში. უნდა ითქვას, რომ ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ის, მე ვიტყოდი, ისტორიული ცვლილება, გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მთლიანად მის გუნდს – „ქართულ ოცნებას”, რომელსაც ვაგრძელებთ – ამ დიდ, ეროვნულ საქმეს. კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ განვაცხადო მთავრობის სახელით და ჩვენი გუნდის სახელით, გავაგრძელებთ კოორდინაციას ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ძალიან წამახალისებელი, შეიძლება ასე ითქვას, და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ევროკომისიამ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი, ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება, რომ გასცა დადებითი რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, წევრობა, რასაც, რა თქმა უნდა, სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რაც არ დასრულდება 1 და 2 წელში, ეს არის მრავალწლიანი პროცესი, რომელსაც ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია სჭირდება და ჩვენი მთავრობის, მთლიანად ხელისუფლების, ეფექტიანი მმართველობა და იმ რეფორმების გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ბოლო 11 წელია ვახორციელებთ ქვეყანაში. ეს საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ქვეყნის სრულ ევროპეიზაციამდე, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაცია უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ, ჩვენი მიზანი და დიდი, მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ვუახლოვდებით ყოველ დღე და მჯერა, დღევანდელი დღე და ისტორიული ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ, საერთო ეროვნულ მიზანთან. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ჩვენს გუნდს და მივულოცო ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ ჩვენ მოქალაქეს დღევანდელი ისტორიული გამარჯვება და აღიარება. მივიღეთ დამსახურებული სტატუსი, ისეთი როგორსაც იმსახურებს ჩვენი ძლიერი და ამაყი ქართველი ხალხი. დიდი მადლობა!

ტელეკომპანია „იმედი”- სოფო ბერიძე:
“ბატონო პრემიერო, მე მინდა გკითხოთ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებიდან გამომდინარე. ის საუბრობდა იმაზე, რომ პროგრესია მისაღწევი მთავრობის მხრიდან 12 პრიორიტეტზე. მე მაინტერესებს, რა იქნება ოფიციალური თბილისის პასუხი ამ განცხადებაზე, საიდან დაიწყებთ შემდეგ ნაბიჯებს. ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს. როდესაც ბრიუსელი საუბრობს ქართველი ხალხის სურვილზე და ისტორიულ არჩევანზე, ჩვენ ბოლო პერიოდია ვისმენთ გარკვეულ ინტერპრეტაციებს თქვენი ოპონენტების მხრიდან, რა არის ამ დროს თქვენი პასუხი? ისინი მუდმივად საუბრობენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
“მადლობა შეკითხვისთვის, თუ რაიმეს ვაკეთებთ ჩვენ და თუ რაიმეს აკეთებს საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ვაკეთებთ თქვენთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ეს ძალიან უსუსური მცდელობაა, რომ რამენაირად დააკნინონ ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგი და მუშაობა, რომელსაც ვატარებთ ბოლო 11 წელია. ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი ხალხის ნებას, ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით და ჩვენი ხალხისთვის და კიდევ ვიმეორებ, თუ რაიმე გაგვიკეთებია ან ვაკეთებთ – ჩვენი ხალხისთვის, ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია. ასევე, რაც შეეხება თქვენს დასმულ მთავარ შეკითხვას, რაც შეეხება რეკომენდაციებს, ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესი, რომელსაც, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ისევე, როგორც ჩვენ გვქონდა კოორდინაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, რეკომენდაციების დიდი ნაწილი არის შესრულებული, ნაწილი შეიძლება ნაწილობრივადაა, მაგრამ ეს არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი პროცესი, რომელსაც მივყვებით და ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს”.

ტელეკომპანია რუსთავი-2,- მარიამ კოპალეიშვილი:”
მთელი პროცესის განმავლობაში ოპოზიციის ცალკეული წევრებისგან, მათ შორის პრეზიდენტისგან, გვესმოდა დამსახურების მიმართულებით დასმული კითხვები. თითქოს ის, რომ მოქალაქეები იმსახურებენ სტატუსს და არა ხელისუფლება და საქართველო. დღეს, სხვათა შორის, ევროკავშირის ელჩმაც თქვა, რომ ამ მიმართულებით დისკუსია არის დასრულებული. პირველ რიგში, როგორ უპასუხებთ ელჩს”?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
“მადლობა შეკითხვისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ჩემთვის გასაგებია აბსოლუტურად ის მოტივაცია, რომელიც გააჩნია ოპოზიციას. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციას და მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა, მმართველმა, რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნების” ხელისუფლება. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, რომ ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს „ქართული ოცნების” პირობებში, რა თქმა უნდა, დავასრულეთ უვიზო რეჟიმზე მუშაობა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი. შარშან უკვე მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. წელს უკვე, როგორც დღეს ვნახეთ, ისტორიული გადაწყვეტილება, სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ანგარიშში როგორც წერია – მე მინდა გითხრათ, რომ ანგარიშში წერია ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს. შედეგი, ბუნებრივია, დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ, ანუ იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხ;
ალხის ამომრჩევლის მიერ. ასე რომ, ყველა სპეკულაცია, რომ ეს ყველაფერი ხალხის ნების გამოხატულების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, არის ძალიან გადაჭარბებული და მცდარი. ეს ჩვენ მიერ მიღწეული შედეგია და ამ შედეგის აღიარება-დაფასებაა, რომელზეც მე ახლა გესაუბრეთ და შევაჯამე ძალიან მოკლედ”.

„საზოგადოებრივი მაუწყებელი”- ნოდარ ჩაჩუა:
“სოფელ კირბალში დღეს რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს გლოვობენ. ევროკავშირის სტატუსი და შემდეგ გაწევრიანება საქართველოს მოქალაქეებს იმიტომ უნდათ, რომ უფრო დაცულად იგრძნონ თავი. რა იქნება საქართველოს მთავრობის პასუხი ამ დანაშაულზე”?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიმე:
“მე კიდევ კიდევ ერთხელ მსურს ჩემი გულითადი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახს, მის ახლობლებს, ყველას და საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი დანაშაული და ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვიმკით. იცით, რომ ეს არის სამწუხაროდ შედეგი იმ ოკუპაციისა, რომელიც დამყარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მე დღეს, ასეთ პოზიტიურ დღეს, მესაუბრა წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე და ახლა აღარ ჩამოვთვლი ამ პოზიტიურ დღეს მძიმე მემკვიდრეობას. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა და მძიმე დანაშაული, გნებავთ გამოუსწორებელი შეცდომა თუ მძიმე წარსული მემკვიდრეობა, არის ოკუპაცია. ეს არის 100-ზე მეტი სოფლების ჩაბარება ოკუპანტისთვის, კოდორის ხეობის, ათიათასობით დევნილის მიღება, ასეულობით ჩვენი თანამოქალაქის, გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების სამოქალაქო აქტივისტების, ასე ვთქვათ, მკვლელობა, გარდაცვალება ამ ომში. ეს არის ტრაგედია, ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ გვერგო. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი მათ მიერ დატოვებული უმძიმესი დანაშაულები გამოვასწორეთ არაერთ სფეროში, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ჯერ კიდევ ვერ შევძელით გამოსწორება იმ მძიმე მემკვიდრეობის, რასაც ჰქვია ოკუპაციის დასრულება, მაგრამ მჯერა, ჩვენი თანმიმდევრული გონივრული პოლიტიკის შედეგად მშვიდობიანად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას და გაერთიანებას. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო დგას გარდაცვლილი თამაზ გინტურის ოჯახის გვერდით. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით, რაც საჭირო არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ სიტუაციაში ძნელია, შევუმსუბუქო ამ ოჯახს და მის ახლობლებს ტკივილი. აქვე მინდა აღვნიშნო , რომ ასევე მიუღებელი და ამორალურია ის ქმედება, საქციელი, რომელიც ვიხილეთ ოპოზიციის მხრიდან. მე მახსენდება ჯერ კიდევ მათი მმართველობის დროს რამდენიმე ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტი, ასევე საოკუპაციო ძალის მიერ, მაგრამ რატომღაც არ მახსენდება მათგან ისეთი აჟიოტაჟი, როგორიც დღეს ატეხეს. სამწუხაროდ, საუბედუროდ, გარდაცვლილი ბატონი თამაზ გინტური არ ყოფილა პირველი და მანამდეც წინა ხელისუფლების დროს 2009-2010-2011-2012 წლებში, თუ არ ვცდები, სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად და მედიას ახსოვს კარგად ძალიან მძიმე ფაქტები ჩვენი თანამოქალაქეების გატაცების, უკანონო დაკავების, წამების და მოკვლის და რატომღაც აღარ ახსენდებათ ამ ადამიანებს, რომ მათი მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი და მათი მმართველობის შედეგია ეს მძიმე მემკვიდრეობა, ოკუპაცია, ბორდერიზაცია, მათ შორის სოფელი კირბალი აგვისტოს ომამდე ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო და დღეს ვხედავთ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ზოლის მეორე მხარეს. ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა, ვაგებთ პასუხს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მე შემთხვევით არ მიხსენებია, ჩვენ გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, არ დაუკარგავს ტერიტორიები.
უმძიმესი ფაქტი მოხდა, თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ჩვენთვის უძვირფასესი, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ დღეს არავის არ ეპარება ეჭვი. დღეს რომ ყოფილიყო ისევ „ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში, აქ იქნებოდა ომი, უბედურება, ნგრევა. ქვეყანა ვერ მიიღებდა სტატუსს და ვერ იქნებოდა მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, აღმასვლა და ასე შემდეგ. აქვე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რაც მე უკვე არაერთხელ მითქვამს, ჩვენი ხელისუფლება რომ ყოფილიყო 2008 წელს, ეს ომი არ მოხდებოდა. ჩვენ არ დავკარგავდით კოდორის ხეობას, 100-ზე მეტ სოფელს და ამდენი ადამიანი არ დაიხოცებოდა ამ სასტიკ ომში. დღეს არ გვექნებოდა 20% ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს რეალობაა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას, რომ მათ არ აქვთ უფლება, რომ საერთოდ ხმა ამოიღონ და რაიმე კრიტიკული თქვან ხელისუფლების მიმართ. ხმის ამოღების უფლება არ აქვთ ამ ადამიანებს. იმიტომ, რომ მათ ყველაზე მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს – მიატოვეს კოდორის ხეობა, ჩახოცეს ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დატოვეს ბრძოლის ველზე, 100-ზე მეტი სოფელი ჩააბარეს ოკუპანტს და რუსული ჯარი, რომელიც გასული იყო 2007 წელს – ვიმეორებ, 2007 წელს დატოვა რუსულმა ჯარმა ჩვენი ტერიტორია, შემოაბრუნეს რამდენიმე თვეში. მათი უგუნური, წინდაუხედავი თუ, არ ვიცი, მიზანმიმართული, არ ვიცი… ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი თაობა მიიღებს, მჯერა, დააბრუნეს უფრო დიდი მასშტაბით, შედეგად გვაქვს დღეს 20% ოკუპირებული. აი, ეს არის მთავარი და კიდევ ერთი.. მაშინ, როდესაც მათი ხელისუფლების დროს თამაზ გინტურის მსგავსად ჰქონდა ტრაგიკული შემთხვევები, მკვლელობის ფაქტები საოკუპაციო ძალის მიერ ჩვენი მოქალაქეების, პარალელურ რეჟიმში, იმავე დროს წინა ხელისუფლება – აი, ეს მოღალატე, უნდა ვთქვა – გამყიდველი ხელისუფლება, უნდა ვთქვა – „ნაცმოძრაობის” სახით აძლევდა სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთის სახელმწიფოებს, კომპანიებს. ფეხქვეშ ეფინებოდა ომის დროს მიწაზე გართხმული, გვახსოვს ჩვენ კარგად, ყოფილი პრეზიდენტი, ფეხქვეშ ეფინებოდა და თავად ემუდარებოდა რუს ტურისტებს, რომ შემოსულიყო საქართველოში. მაშინ, როცა ჩვენ ვხედავდით, რომ აი, ასეთი დანაშაული ხდებოდა. ამიტომ აქ საუბარი არის ორმაგ და ათმაგ სტანდარტებზე. საინტერესო აღარ არის ამ ადამიანების განცხადებების მოსმენა. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ მათ არ აქვთ უფლება რაიმე კრიტიკული თქვან ჩვენი ხელისუფლების მისამართით, იმიტომ, რომ ჩვენ მათ მიერ გაფუჭებულ და დანგრეულ საქმეს ვასწორებთ. მადლობა”!

„მთავარი არხი” – ქეთა ციცქიშვილი:
“თქვენ რამდენიმე წუთის განმავლობაში ბევრი ისაუბრეთ წინა ხელისუფლების შეცდომებზე, რა არ გააკეთა, აჟიოტაჟი არ აუტეხავსო, როცა ასეთი მძიმე ფაქტები ხდებოდა. თქვენი მხრიდან დიდი ხანია, ვისმენთ წინა ხელისუფლების ბრალეულობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენ რა გააკეთეთ, როდესაც ეს მძიმე შედეგი დადგა, ვგულისხმობ გინტურის მკვლელობის ამბავს. შემდეგი შეკითხვა ეხება დღევანდელ ამბავს, რაც ნამდვილად მოსალოცია საქართველოსთვის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა დრეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს თანამშრომლობა ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორ აპირებთ, რომ დაიწყოთ ეს თანამშრომლობა”?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
“ახლა რაც შეეხება თქვენს პირველ შეკითხვას, თუ რა გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენ მყისიერად გვქონდა მაქსიმალური რეაგირება, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო აი ამ მომენტში. ჩავრთეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვაცნობეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ყველას. ავამოქმედეთ ცხელი ხაზი. ყველა ის ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მხრიდან, რისი გაკეთებაც შეგვეძლო. იმავე საღამოს ჩაინიშნა შეხვედრაც და მყისიერი რეაგირება მოახდინა ჩვენმა ხელისუფლებამ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება მეორე დაკავებულის, სამწუხაროდ, უკანონოდ გატაცებულის გათავისუფლება ძალიან მალე. კიდევ ვიმეორებ, ეს არის შედეგი აი ამ მძიმე მემკვიდრეობისა, რომელიც დაგვიტოვა თქვენმა ხელისუფლებამ, თქვენ რომელსაც წარმოადგენთ. ჩვენ ამას გამოვასწორებთ, დამერწმუნეთ, რომ თქვენ ამას მოესწრებით ძალიან მალე, როცა ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და გამთლიანდება. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ქალბატონი ურსულას რეკომენდაციას, მე ეს არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის ყველა წევრს უკლებლივ უთქვამს საჯაროდ მათ შორის, პირველივე დღეს, მაშინ მაგალითად როდესაც 12 რეკომენდაცია გამოაქვეყნეს შარშან, მე გამოვედი ამ შენობაში, მივმართე ოპოზიციას, ვუთხარი, რომ ყველა კარი არის ღია. ჩვენ გვსურს, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, ჩართულობა იყოს გარანტირებული – უზრუნველყოფილი, გამჭვირვალე. პარლამენტმა შექმნა თითოეულ რეკომენდაციაზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. სამწუხაროდ, თქვენი პარტიის წარმომადგენლები არ ჩაერთნენ ამ სამუშაო ჯგუფებში და მე მინდა მოგიწოდოთ თქვენ, რომ კითხვით მიმართოთ თქვენი პარტიის წარმომადგენლებს – რატომ არ ჩაერთნენ და რატომ არ მიიღეს მონაწილეობა და რატომ ეწეოდნენ 12 თვის განმავლობაში მუდმივ საბოტაჟს და დესტრუქციულ ქმედებებს რატომ მიმართავდნენ. მთავარი კითხვის ადრესატი ამ შემთხვევაში უნდა იყოს თქვენი პარტია და თქვენი პარტიის ხელმძღვანელები. რატომ არ მიიღეს მათ მონაწილეობა. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი კარი არის ღია, მზად ვართ, რომ ჩავრთოთ ოპოზიცია ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს გარანტირებული, ინკლუზიური და გამჭვირვალე, მაგრამ დღესაც მინდა გავიმეორო იგივე. ჩვენ ჩვენს სიტყვას არ ვცვლით. ჩვენ ვამბობთ, რომ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ, წავიდეთ კომპრომისზე, ვესაუბროთ, მათ შორის ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ჩვენი მხრიდან ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯები, სამწუხაროდ, არ იღებს შედეგს და ვერ გამოიღო შედეგი. ეს ჯგუფები შეიქმნა, მაგრამ ჩვენ მარტომ მოგვიწია მუშაობა და მარტოს მოგვიწია შესრულება ამ რეკომენდაციების. აი, ეს არის რეალობა, ჩემო ძვირფასო. ახლა მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გაათმაგებული ენთუზიაზმით და უფრო მეტი ენერგიით შევუდგებით საქმეს. დანარჩენ რეკომენდაციებზე და სხვა აქცენტებზე, რაც იყო გაკეთებული მოვახდენთ რეაგირებას. ეს იქნება მყისიერი და ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე”.

ტელეკომპანია „პირველი”, ანა მდივანი – ციტატას წაგიკითხავთ ანგარიშიდან – „მნიშვნელოვნად საქართველომ გაზარდოს ევროკავშირის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მაჩვენებელი, მოერიდეთ ქმედებებს და განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკაში”. ეს არის ციტატა, რომელიც ოფიციალურ ანგარიშშია. თქვენი აზრით, რა დაინახეს როგორც თქვენი, ასევე თქვენი თანაგუნდელების განცხადებებში ისეთი, რომ საჭირო გახდა ამ მოთხოვნის ჩაწერა ანგარიშში?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ ქვეყანას გააჩნია საკუთარი ეროვნული ინტერესები, სამწუხაროდ, ისევ ვუბრუნდები ოკუპაციის საკითხს და მოგეხსენებათ, არაღიარება არის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის და აქედან გამომდინარე, რომ ჩვენ რიგ შემთხვევებში ვითვალისწინებთ რა ამ არაღიარების პოლიტიკას და მის შესაძლო მძიმე შედეგებს, ვხელმძღვანელობთ ექსკლუზიურად საქართველოს ეროვნული ინტერესებით. ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვითქვამს, განგვიმარტავს, გვიმუშავია ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან, მათი დიდი ნაწილი იქნა სრულად გაზიარებული და მათ ესმით ძალიან კარგად ეს სენსიტიურობა და აი, ეს სპეციფიკურობა ჩვენი ამ საკითხის. არის საკითხები, რომელთა გაუმჯობესება შეიძლება, ჩვენ ეს გაუმჯობესება ძალიან მოკლე პერიოდში შევძელით და ეს მიერთების პროცენტი გავზარდეთ 43%-მდე, მაგრამ სამწუხაროდ, საჯაროდ ბევრის თქმის საშუალება არ მეძლევა, ვინაიდან ბევრ საკითხში ეს ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს მთლიანობაში- მე ასეთი ფორმულირება მინდა გავაკეთო, მაგრამ ჩვენ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვუერთდებით, ვიზიარებთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ვუერთდებით რეზოლუციები იქნება თუ განცხადებები და ა.შ., მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესები არ დაზიანდეს, და კიდევ ვიმეორებ, რომ რაიმე სახით, რაიმე ფორმით არ შეექმნას საფრთხე არაღიარების პოლიტიკას ოკუპირებული ტერიტორიების და ა.შ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.

ტელეკომპანია „პირველი” – ანა მდივანი:
“ერთი კითხვა მექნება კიდევ – რადგან მივიღეთ დადებითი რეკომენდაცია, ამ ერთი წლის განმავლობაში თქვენ, „ქართული ოცნება” და თქვენი გუნდი აპირებთ თუ არა პრეზიდენტთან თანამშრომლობას და ამ დაპირისპირების დასრულებას?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:
“მე პირადად არ ვარ დაპირისპირებაში არც პრეზიდენტთან და არც ოპოზიციასთან, მე არავითარი საქმე არ მაქვს მათთან, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. გასაგებია, ქალბატონი პრეზიდენტის მოტივაციაც და ჩვენი ხელმოცარული ოპოზიციის მოტივაციაც, როგორც ჩანს მათ გაიგეს ბოლო თვეების, ბოლო კვირების განმავლობაში, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და პოზიტიური რეკომენდაცია იქნებოდა, რომელიც დღეს დადასტურდა. ამიტომ ეს იყო მათი მხრიდან უსუსური მცდელობა, რომ რაიმენაირად იქნებ ბოლო კვირებში, ბოლო პერიოდში მაინც ჩართულიყვნენ ამ პროცესში და რაღაც ქულა მაინც წაეღოთ და ეს იყო ძალიან უსუსური მცდელობა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტისგან, ასევე ოპოზიციისგან. ვინაიდან მე მინდა ხაზგასმით და მკაფიოდ განვაცხადო, არც პრეზიდენტს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, არაფერი. არც შარშან, არც შარშან წინ და არც ბოლო ათი წლის განმავლობაში. თუ ვინმემ რაიმე გააკეთა, რაიმე ხელშესახები შედეგი მოუტანა ჩვენს ხალხს, ეს არის „ქართული ოცნება”, ეს არის ჩვენი ხელისუფლება. პრეზიდენტს აქვს თავის როლი და მე მინდა ყველამ გაიაზროს კარგად საკუთარი კონსტიტუციური უფლება-მოვალეობანი, როგორც პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტმა და ყველამ. ჩვენ ვიცით, მე ვიცი ჩემი უფლება-მოვალეობანი და მე, რა თქმა უნდა, მივყვები კონსტიტუციას და ჩვენს მთავარ კანონს და ვიცავ, ვასრულებ, პირნათლად ვემსახურები ჩვენს ქვეყანას. ასევე მოვუწოდებდი პრეზიდენტს და ყველას, რომ კარგად ჩაიხედონ საკუთარ უფლება-მოვალეობებში და გაერკვიონ. მე არ მსურს ახლა პრეზიდენტთან რაიმე პოლემიკაში შესვლა, მას თავისი ფუნქცია აქვს განსაზღვრული მკაფიოდ – კონსტიტუციაში არის ეს ყველაფერი განმარტებული, პარლამენტს თავისი, მთავრობას, აღმასრულებელს თავისი – ასე რომ, ყველას ჩვენი საქმე გვაქვს, ამიტომ ყველამ აკეთოს თავის საქმე – ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია ყველასთვის, ოპოზიციას ვუსურვებ დიდხანს დასვენებას”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0