მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ გარკვეულ ვერსიებზე მსჯელობა

19/05/2023

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარს მოუსმინეს. მთავრობის წევრმა სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ კითხვას უპასუხა.

„ამ საკითხზე ჩვენ წლებია ვმუშაობთ. ეს პრობლემა არ არის ახალი, არ არის დამალული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს არის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოწვევა, მათ შორის, უფრო მდიდარი ქვეყნებისაც“, – აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ მოგვარდეს კვების საკითხი სკოლებში საჭიროა ჯერ გადაიდგას სხვა რიგი ნაბიჯები, კერძოდ: უნდა მოგვარდეს სასკოლო ინფრასტრუქტურის (სასადილო, ადგილზე მომზადების შემთხვევაში სამზარეულო, წყალი-სანიტარია-ჰიგიენური ნორმები, ნარჩენების მართვა) საკითხი და ამ კუთხით უკვე დაწყებულია 800 სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის უდიდესი, ისტორიული პროექტი. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს 270-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია. მისი თქმით, სამინისტროებისა და უწყებების ჩართულობით შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი და იდენტიფიცირებულია ის გამოწვევები და საკითხები, რომლებზეც შეიქმნება სამოქმედო გეგემა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი მუშაობს ორი მიმართულებით: საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საქართველოს რეალობის შესწავლა და საპილოტე რეგიონად შეირჩა ქართლი.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ გარკვეულ ვერსიებზე მსჯელობა, მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სადმე დავიწყოთ სასკოლო კვების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ. თუ სადმე დავიწყებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილების თუ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. ეს უნდა იყოს ყველასთვის უზრუნველყოფილი, ვისაც ბუნებრივია, ამის სურვილი აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა სამ მოდელზე, რომელზეც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაჩენასთან ერთად ეტაპობრივად შეეცდება, რომ პირველ რიგში, სწორი კონცეფცია ჩამოაყალიბოს, შესთავაზოს საზოგადოებას და შემდგომ დაიწყოს ამის ნაბიჯ – ნაბიჯ განხორციელება.

„პირველი ეს არის ე.წ. ტრადიციული სისტემა, როდესაც სკოლებში არის სამზარეულოს ინფრასტრუქტურა და სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია ამის განხორციელება. მეორე ეს არის ცენტრალიზებული, როდესაც გარკვეულ არეალში არის ერთი ცენტრალიზებული საწარმოო, რომელიც ე.წ ნახევარფაბრიკატებს აწვდის სკოლებს და იქ ადგილზე ხდება მისი საბოლოო დამზადება და მესამე არის მიტანა ე.წ ლანჩ-ბოქსები“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენელებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვა.

„ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ შეხვედრები, გავცვალოთ მოსაზრებები, დავხვეწოთ მოსაზრებები და ერთობლივად, ნებისმიერ თქვენგანს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გნებავთ და გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებაზე და ჯანსაღ განვითარებაზე გეპატიჟებით ჩვენს სამუშაო ჯგუფში და მოგისმენთ სიამოვნებით“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0