”მე არ მაინტერესებს სად რას იფიქრებენ ჩემზე. ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩემს ქვეყანას გავუჩინო შანსი, რათა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და აფხაზეთი და ოსეთი დავუბრუნო ქართველებს“, – ასე პასუხობს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმ ჟურნალისტებს, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, თუ რატომ მიიღო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მონაწილეობა რუსეთის მთავარი არხის თოქშოუში „60 წუთი“.
პარტიის პრესამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე მოსკოვში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრისას დევნილებმა მის მიმართ მადლიერება და პატივისცემა დააფიქსირეს, სწორედ ამ ეთერში ქართული ინტერესების დაცვისთვის.
პრესამსახურის ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძესათვის მთავარი, ამ ხალხის ნდობა და მხარდაჭერაა, ვიდრე ზოგიერთი ექსპერტის, პოლიტიკოსის თუ ჟურნალისტის გაურკვეველი მოსაზრება და ბურჯანაძის პრორუსობაში დადანაშაულებაა.
„თუმცა ძალიან მძიმე ასატანი და მოსათმენია, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ბანერები იყო გამოკრული მოღალატე გასამართლდესო. მოღალატე ვინ არის ბურჯანაძე თუ სააკაშვილი, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩემთვის მთავარი არ არის ვინ რა იარლიყს მომაწებებს, რა თქმა უნდა, ადამიანურად ჩემთვის არაკომფორტულია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია შედეგი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ სწორ პოლიტიკას წარვმართავთ. ჩვენ თუ რეალურად გვინდა ძლიერი დემოკრატიული საქართველო, პირველ რიგში კლიშებისგან უნდა გავთავისუფლდეთ. ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იცოდეს, რომ საქართველოში, ვისთანაც ლაპარაკი შეიძლება, ვინც არ ცრუობს, ამბობს სიმართლეს, ვისაც ესმის, რომ რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს, მაგრამ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანაში რუსული ჩექმა არ იყოს. მე მივაღწევ რუსული ჩექმის საქართველოდან გაყვანას, თუ ამის მანდატს საქართველოს მოსახლეობა მომცემს“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მე მივაღწევ რუსული ჩექმის საქართველოდან გაყვანას, თუ ამის მანდატს საქართველოს მოსახლეობა მომცემს
09/11/2017