პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტების განხილვის დაწყებამდე, დეპუტატებს პარლამენტის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მიმართა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ. ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს საპარლამენტო ცხოვრების და აუცილებელია საზოგადოების ნდობა საპარლამენტო საქმიანობის მიმართ გავზარდოთ ისე, როგორც ამას იმსახურებს ეს პარლამენტი. მე ვისურვებ, რომ მალე ვიხილოთ სავსე დარბაზი, საინტერესო დებატები, ჯანსაღი კრიტიკა, ოპონირება და რაც ყველაზე მთავარია, ის კონკრეტული შედეგები, რომელიც მისცემს ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო დიდ იმედს და რწმენას, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავბრწყინდებით, გავხდებით ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა და ვიქნებით სამაგალითო არამარტო რეგიონში“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილეს. საქართველოს მთავრობის ინიციატივა, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განსახილველად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. კანონპროექტის თანახმად, სპეციალური დაცული სადგომების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, დაინერგება საფასურის გადახდევინების ეფექტური მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მიერ აღნიშნული სერვისის მიწოდების ეფექტიანობის ამაღლებას. მომხსენებლის განცხადებით, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი დადგენილ ვადაში არ გადაიხდის შესაბამის საფასურს, ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“- ის უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რითაც პირს აძლევს გარკვეულ ვადას – არანაკლებ 30 დღეს და ამ ვადაში უნდა იქნეს გადახდილი შესაბამისი საფასური. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს სურვილი გაასაჩივროს „112“- ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამის შესაძლებლობა მას ექნება. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს „112“- ის მიერ შეტყობინების გაგზავნას და შეტყობინების გაგზავნის მექანიზმები აღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან. მისივე თქმით, კანონპროექტი გარკვეულ ამნისტიასაც ითვალისწინებს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გამოიტანა მისივე ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. მომხსენებლის განმარტებით, კანონის პროექტის თანახმად, 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება და დაბრუნებას არ ექვემდებარება. კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას ლეგალიზებული საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე. ინიციატორმა კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით. მომხსენებელმა განმარტა, რომ უკვე დაკავებული თანხები, აგრეთვე საარსებო შემწეობის და სოციალური პაკეტის, პენსიის ზედმეტად გაცემის გამო, შესაბამისი დავალიანების მქონე პირის მიერ ნებისმიერი სხვა ფორმით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. სახელმწიფოს მიმართ ასევე კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან შესაბამისი პირები, რაც ინიციატორთა აზრით, კომპენსაციის მიმღები პირების მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ფონზე. გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებების შეწყვეტას, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში ამოღებასთან. პლენარულმა სხდომამ ასევე იმსჯელა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაზე – კანონპროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა. მისი თქმით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება კანონში არსებული ხარვეზის გამოსწორების აუცილებლობამ განაპირობა. მომხსენებლის ინფორმაციით, კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად: „უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს“.
მისივე თქმით, მუხლის მოქმედი რედაქციის ხარვეზს წარმოადგენს სწორედ ის გარემოება, რომ კომპენსაციის გაანგარიშება ხდება პირის მიერ ბოლოს დაკავებული თანამდებობის ბოლო ერთი წლის ხელფასის მიხედვით, რაც ზოგჯერ უკავშირდება 15-20 წლის წინანდელ, ძალიან დაბალ თანამდებობრივ სარგოებს და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ, ვინც, მაგალითად, 15- 20 წლის წინ დაასრულა დიპლომატიური კარიერა და ვინც 5-10 წლის წინ გავიდა პენსიაზე. როგორც მომხსენებელმა განმარტა, მე-15 მუხლის მოქმედი რედაქცია შეუსაბამობაშია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის ერთ-ერთ ძირითად მიზანთან, სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო წაახალისოს ამავე კანონით განსაზღვრული პირთა წრე, რადგან ამ რედაქციის შესაბამისად დაანგარიშებული სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ხშირ შემთხვევაში არ აღემატება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადგენილ სახელმწიფო პენსიის ოდენობას. სწორედ წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრის მიზნით, შემუშავდა კანონპროექტი და კომპენსაციის გაანგარიშება განხორციელდება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობისთვის დაწესებული თანამდებობრივი სარგოს მიხედვით. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პლენარულმა სხდომამ მესამე მოსმენით განიხილა და კანონპროექტები:
•„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
• „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
• „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონმდებლებმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს.