მე ვთხოვე პრეზიდენტს და პრემიერს, რომ პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინათ

06/05/2016

მე ვთხოვე პრეზიდენტს და პრემიერს, რომ პოლიტიკური განაცხადი გაეკეთებინათ არჩევნების დღის თაობაზე და არა ის, რომ აქტი რაც შეიძლება მალე გამოეცათ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩევნების დანიშვნის საკითხზე კომენტირებისას. მისი თქმით, ამ ეტაპზე ის რაიმე კონსულტაციებში ჩართული არ არის.

“მე ბოლო საუბარი ამის თაობაზე პრეზიდენტთან მქონდა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ის დაინტერესდა იმით, თუ რას ვგულისხმობდი მე პირადად, როდესაც რამდენიმე თვის წინ მივმართე პრეზიდენტს და პრემიერს იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა, რაც შეიძლება ადრე გამხდარიყო ცნობილი არჩევნების დღე. მე მას მოვახსენე, რომ ვგულისხმობდი ერთადერთ რამეს და არ შეიძლებოდა, მეგულისხმა რამე სხვა – ეს იყო პოლიტიკური განაცხადი იმის თაობაზე, რომელ დღეს იქნება არჩევნები. ეს სჭირდება ყველას, მათ შორის დამკვირვებლებს, კანდიდატებს, მედიას და მე ეს ვთხოვე პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ერთობლივად, რომ პოლიტიკური განაცხადი ამის თაობაზე რაც შეიძლება მალე გაეკეთებინათ და არა ის, რომ აქტი რაც შეიძლება მალე გამოეცათ. ეს იყო ჩემი პოზიცია და ეს რჩება ჩემს პოზიციად და ამის თაობაზე მოვახსენე პრეზიდენტს რამდენიმე კვირის წინ. ახლა მე ამ პროცესში მეტად არ ვარ ჩართული”, – განაცხადა უსუფაშვილი.

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი თავად მიიღებენ სწორ და გონივრულ გადაწყვეტილებას, თუმცა აცხადებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, ეს არ არის იმ დონის კრიზისული მოვლენა, რომელმაც არჩევნებს შეიძლება, რაიმე გადამწყვეტი დაღი დაასვას.

“თუმცა ჩემი აზრით, სწორი იქნება, თუკი საარჩევნო რეგულაციები ჩაირთვება არა 6 თვით, არამედ 2 თვით ადრე. საარჩევნო კამპანიის ხანგრძლივობა არ არის დემოკრატიის საზომი სტანდარტი, თორემ მაშინ შეიძლება, ოთხი წელი იყოს საარჩევნო კამპანია, რატომაც არა?! საარჩევნო კამპანიის გარეშე გვინდა ჩვენ დემოკრატია, სიტყვის და გადაადგილების თავისუფლება”, -განაცხადა უსუფაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0