გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. ამის თაობაზე საგანგებო განცხადება ვაშაძემ ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა.
როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.
”ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ ბოკერია-გაბაშვილს, დავით ბაქრაძის ჩართულობით, პარტიიდან მიხეილ სააკაშვილის ”ჩაჩოჩება” სურდათ.
”დიახ, ამის მცდელობა იყო და არის დღემდე. კაბინეტური მართვის ჯგუფს უნდა, რომ თავიდან ბოლომდე ხელში ჩაიგდოს ეს პოლიტიკური მოძრაობა. მათ ნამდვილად არ აინტერესებთ ის ღირებულებები და ფასეულობები, რომლისგანაც მოდის ”ნაციონალური მოძრაობა” და ის ენერგეტიკა, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს. ხალხს ენთუზიაზმი დაუკარგეს. ამ ადამიანების ინტერესში არ შედის სააკაშვილი, როგორც აქტიური ადამიანი პოლიტიკაში”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, დავით ბაქრაძე არის ერთ-ერთი საკვანძო ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს კაბინეტურ მმართველობას ”ნაციონალური მოძრაობის” შიგნით.
”მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებსაც ცხოვრებაში არც ერთი საქმე თვითონ არ გაუკეთებიათ. დამისახელეთ სამი რეფორმა, რომელიც დავით ბაქრაძეს გაუკეთებია და კი ბატონო”, – აღნიშნა ვაშაძემ.
იგი მიიჩნევს, რომ დავით ბაქრაძის მონაცემები სოციოლოგიურ გამოკითხვებში ხალხის ზოგად დამოკიდებულებას ასახავს და არ ამის პოლიტიკურ რეიტინგს.
”მე ვფიქრობ, რომ ეს რეიტინგები არ ასახავს მოსახლეობის აზრს. ეს არის ზოგადი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. მე თუ არავის გავაკრიტიკებ, თუ რეალურად პრობლემაზე არ ვისაუბრებ, თუ რეალურად არ ვიტყვი, რა სიტუაცია, ყველა იტყვის: ნუ, კაი ბიჭია. მერე რაა? ეს გარდაიქმნება როდესმე რეიტინგში? – არასდროს. ბაქრაძის მიმართ სწორედ ეს დამოკიდებულებაა. იყო ოპოზიციის ლიდერი, მერე რა? ვის აწუხებს, ვის რაში აინტერესებს? ავიწყდება ხოლმე ხალხს, რომ არსებობს ასეთი პოლიტიკური ფიგურა. მე ხომ არაფერს ისეთს არ ვამბობ, რასაც ხალხი არ ფიქრობს. პოლიტიკოსის და ნებისმიერი ადამიანის რეიტინგი ყალიბდება მისი მკაფიო პოზიციიდან გამომდინარე და არა – თამაშიდან გამომდინარე”, – განაცხადა ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” კაბინეტურ მმართველობას აქვს სახელები და გვარები: გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.
მისივე თქმით, ამ ადამიანებთან არა პერსონალური, არამედ იდეური კონფლიქტი აქვს, ვინაიდან აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად ხედავენ პროცესს.
”მე აბსოლუტურად სხვა მართვის სისტემებს ვხედავ. ეს არც დამიმალავს არასდროს, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ფასადურად ახალი სახეების მოყვანა კი არა, სისტემური განახლება სჭირდება, პარტიის მართვის მექანიზმების შეცვლა სჭირდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩემი დღევანდელი განცხადება ბევრი ჩვენი მხარდამჭერისთვის არ უნდა იყოს მოულოდნელი”, – განაცხადა ვაშაძემ.