ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის მიერ „მეწარმეთა შესახებ” კანონში ახლახან შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც წესდებების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას უკავშირდება, ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძემ მეწარმე სუბიექტებს მიმართა, ხელახალი რეგისტრაციისთვის მინიჭებული დრო წესდების და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად და აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად გამოიყენონ. მისი განცხადებით, ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება არ გავრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე, რომელთაც ექნებათ ასეთი უფლება, მაგრამ არა ვალდებულება. ამ ვალდებულებისგან ასევე თავისუფლდებიან ინდივიდუალური მეწარმეები.
„როგორც ცნობილია, 2021 წლის 2 აგვისტოს პარლამენტმა მეწარმეთა შესახებ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიღების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საკორპორაციო სამართლებრივი ჩარჩოს დაახლოება და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება. ახალი კანონის მიხედვით, მეწარმეებს დაევალათ თავიანთი წესდებების და ზოგადად სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რისთვის განსაზღვრული ვადაც მიმდინარე წლის 31 დეკემბერს იწურებოდა. ახლახან, პარლამენტმა მიიღო ცვლილება მეწარმეთა შესახებ კანონში, რომლითაც წესდებების შესაბამისობაში მოყვანის ეს ვადა 2025 წლის 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად, მეწარმეებს, რომელთაც ამ დრომდე ვერ მოახერხეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვა აღნიშნული მიზნით, ამის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ მთელი მომდევნო ერთი წლისა და 3 თვის განმავლობაში. აქვე, მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველა მეწარმე სუბიექტს მოვუწოდო, რომ აქტიურად გამოიყენონ ეს პერიოდი აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად. ამავე ცვლილებით მკაფიოდ განისაზღვრა, რომ ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება არ გავრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე. მათ ექნებათ ასეთი უფლება, მაგრამ არა ვალდებულება. ასევე თავისუფლდებიან ამ ვალდებულებისგან ინდივიდუალური მეწარმეები”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.