მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას

09/04/2021

საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება მოისმინეს.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, 9 აპრილი, რომელიც მნიშვნელოვანია ორი დიდი ისტორიული კონტექსტით. 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის ჯარის ნაწილებმა ჩვენი თანამოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს. ეს არის დიდი და დაუვიწყარი ტკივილი ჩვენთვის და ამ ტრაგედიით საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა. 1991 წლის 9 აპრილს საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, პარლამენტის სასახლეში საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სწორედ დღეს აკეთებს თავის მოხსენებას პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, რის შემდგომაც საპარლამენტო ტრიბუნა მოხსენებისთვის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაეთმო.

პრეზიდენტის მოწოდებით, პარლამენტის სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპულთა ხსოვნას.

„დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს დღე ავირჩიე წლიური მოხსენებისთვის, რამეთუ ეს თარიღი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა! პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა, ის რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა! მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა – ქვეყანა გამოცხადებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება 70-წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა – 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყნის მიერ განვლილი ბოლო 30 წელი იყო რთული – კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის, მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების და საკუთარ – ეროვნულ და ევროპულ გზაზე დაბრუნების! მისივე თქმით, არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია.

„არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად, არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა ეს, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება! ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით – როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, უნდა ენდოს საკუთარ ისტორიულ გამოცდილებას და მონახოს ერთობის გზა.

„უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა, ეს გამოწვევა არის პანდემია. ასეთ დროს კი, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა თუ თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისთვის მიუღებელია, ისიც როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალურ ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა – ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით. „უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების, ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა.

„მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადეს ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი. ერთიანი მიდგომისა და სოლიდარობის განცდის გარეშე ვერც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას დავიცავთ და ვერც ეკონომიკას გავხსნით და გადავარჩენთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მეორე უდიდესი გამოწვევაა ქვეყნის ეკონომიკა და კრიზისის გადალახვა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოება გაყოფილია. მისი თქმით, ზოგი მიიჩნევს, რომ ეკონომიკა უნდა იყოს აბსოლუტური პრიორიტეტი და აღარ უნდა დაწესდეს ხელახალი ჩაკეტვა და შეზღუდვები ხოლო ზოგი კი, აბსოლუტურ უპირატესობას ჯანმრთელობას და ადამიანთა სიცოცხლეს ანიჭებს.

„ამ კრიზისის დაძლევაში, სოლიდარობა გვჭირდება როგორც არასდროს. ერთიანი ძალისხმევა რომ ინკლუზიური მიდგომებით და სოციალური პასუხისმგებლობით ვეცადოთ ერთდროულად ეკონომიკის გაცოცხლება, ინვესტიციების მოზიდვა და მაქსიმალურად ხელი გავუწოდოთ სოციალურად დაუცველი ფენებს ჩვენი საზოგადოებისა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზეც საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებული პოზიციებია და ამის მაგალითია „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მიმდინარე დაპირისპირება.

„ერთი მხრივ, ის საზოგადოება, ვისი წუხილიც ძალიან კარგად მესმის და ვუთანაგრძნობ, ითხოვს ჩვენი ბუნებრივი რესურსებისა და მიწის დაცვას უხეში ჩარევისა და ზემოქმედებისგან. ადგილობრივი მოსახლეობა აპელირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ზოგადად ეკოლოგიას, რეგიონში სოფლის მეურნეობას, მეღვინეობისა და ტურიზმის პოტენციალს. მეორე მხრივ კი, ვინც ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაცოცხლებასა და ენერგო-დამოუკიდებლობას ანიჭებს უპირატესობას და ადამიანის სიდუხჭირიდან თავის დაღწევაზე აპელირებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი შეფასებით, ორივე მხარეს აქვს ძლიერი არგუმენტები და უალტერნატივოდ მიაჩნია ორივე მოსაზრების გათვალისწინება და შეჯერება. მისი თქმით, სასურველია შეიქმნას სახელმწიფო კომისია, სადაც ეკონომისტები, ენერგეტიკოსები, ბუნებადამცველები, ადგილობრივი მოსახლეობა და უცხოელი ექსპერტები ერთად განიხილავენ არა მხოლოდ ამ კონკრეტული ჰესის ბედს, არამედ მომავალ გეგმებსა და პერსპექტივას ენერგეტიკის მიმართულებით.

„ასეთი მსჯელობა მაქსიმალურად გასაჯაროებული უნდა იყოს. თუ საჭიროდ ჩაითვლება, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ მიზნისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, უმთავრეს გამოწვევად მთავარი მიზნების ბოლომდე მიყვანა – ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია დაასახელა.

„ეს არის გამოწვევა, რომელიც სრულიად შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან. ყველამ, თეორიულად მიანც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენს შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს. მიუღებელია, დღეს, როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიციები. ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს, მაგრამ, ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში.

„ოპოზიციას მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემ შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. მაგალითად, მოვიყვან 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემას, რაც არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, ოკუპაცია ყველაზე საკრალური თემაა და ამ საკითხთან დაკავშირებით არ უნდა ისმოდეს აბსურდული ბრალდებები ერთმანეთის მიმართ.

„მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ყველა, ამ უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები. ამ საკითხებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობას ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ამ უმწვავესი გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია არსებული პოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია და ამ გაყინული მდგომარეობიდან ვერ, თუ არგამოსვლა.

„დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს, 9 აპრილს – შევძლებდით კიდევ ერთი აგურის დადებას ჩვენი მომავლისთვის. შევძლებდით საერთო ინტერესების დანახვას და ქვეყნის მომავლისთვის მთავარის და მეორეხარისხოვანის გამიჯვნას, პარტიულისა და ეროვნულის ერთმანეთში არაღრევას და იმის დანახვას, სად და რაზე გადის ჩვენი ჭეშმარიტი ეროვნული და ევროპული გზა! იმედი მქონდა რომ დღეს ეს დარბაზი იქნებოდა მთლიანი. თუ საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, და ეს ასეა, ჩვენ არ უნდა გავუშვათ ხელიდან უდიდესი შანსი, რომელიც მოგვეცა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა, ევროპისთვის და რაოდენ დაახლოვებული ვართ უკვე მასთან. მისი შეფასებით, ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, თუმცა, საკმარისად ვერ მოხდა ამის გააზრება და დაფასება. „არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის პერიოდს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, მადლობა გადაუხადა ევროპელ და ამერიკელ ფასილიტატორებს და იმედი გამოთქვა, რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ დათმობაზე უნდა წასულიყო ორივე მხარე, თუმცა, სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა.

„ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“ და იმედი მაქვს რომ ეს მოხდება. ოპოზიციას კი – იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია ერთადერთი პოლიტიკური გზა -მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალური პოლიტიკური მოღვაწეობა სურს. ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან – იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები… თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. ასეთი პრაგმატული და დაბალანსებული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა და კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. და დღეს 9 აპრილის სულისკვეთების მაგალითზე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა – შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბრუნებას ითხოვს. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ სოლიდარობისთვის მას მიაჩნია, რომ ელჩის დაბრუნება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.

„არ მინდა 9 აპრილს, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გამყარების დღეა, ეს სიტყვა დავასრულო და არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა. მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0