მესმის, რომ არის ნდობის გარკვეული პრობლემები

29/12/2017

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კულტურის სამინისტროში გამომცემლებთან და მწერლებთან გამართულ შეხვედრაზე მოულოდნელად მივიდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს საპოლიციო სისტემის რეფორმირების პროცესში საზოგადოების ჩართულობას და საპოლიციო სისტემის რეფორმის განხორციელება მისი ნდობის გარეშე შეუძლებელი იქნება.

გიორგი გახარიას თქმით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანაა საპოლიციო სისტემა იყოს მოქალაქეზე ორიენტირებული და პოლიტიკურად ნეიტრალური.
„მესმის, რომ არის ნდობის გარკვეული პრობლემები. არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, რისთვისაც მე აქ მოვედი. ჩვენი მხრიდან კარი ღიაა. ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი, შევთავაზეთ კოლეგებს და საზოგადოებას, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი იყოს მომავალზე ორიენტირებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ზვიად რატიანის შემთხვევას, შინაგან საქმეთა მინისტრი საზოგადოებას ამ საქმის დეტალურ გამოძიებას და ობიექტურობის უმაღლეს ხარისხს ჰპირდება.
გიორგი გახარიამ ვიდეოჩანაწერის გავრცელებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იყო უსიამოვნო ფაქტი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ძირითად არასასიამოვნო აქცენტად გამოჰყო აღნიშნულ ფაქტზე საზოგადოების რეაქცია. იგი იმედოვნებს, რომ ასეთი გამოწვევები ურთიერთთანამშრომლობით გადაილახება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0