დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურებიდან ორი თანამშრომელი გათავისუფლდება, რომლის მიზეზიც კახა კალაძის განმარტებით, პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევა – კერძოდ კი, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებებია.
„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა. ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურების ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცე-მერს აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.
მეორე საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს გამოკვეთილი ხარვეზებია, რის გამოც, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს დაავალა, დაკავებული პოზიციებიდან ის პირები გაათავისუფლოს, რომლებიც აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაციის სატენდერო პროცედურებში იყვნენ ჩართული.
„ამ ეტაპზე, არსებული გარემოებები შევისწავლეთ და აშკარაა, რომ სამუშაოების შესრულების დროს ხარვეზები იყო – დაწყებული საპროექტო სამუშაოების შესყიდვებიდან, დამთავრებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პროცესით. ვიცით, რომ ამ მიმართულებით დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ მის შედეგებს. სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს მამუკა კობახიძეს მინდა დავავალო, რომ დაუყონებლივ გაათავისუფლოს დაკავებული პოზიციებიდან ის ადამიანები, რომლებიც სატენდერო პროცედურებში ჩართული იყვნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მერიის შესაბამის სამსახურებსა და გამგეობების წარმომადგენლებს სთხოვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლზე მაქსიმალური ყურადღება გაამახვილონ, რადგან მისივე თქმით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესწავლამ და ბოლო დროს განხორციელებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს.
„ორი კვირის წინ დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ წარმოადგინონ გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხარისხი გაუმჯობესდეს. სატენდერო დოკუმენტაციაში იქნება იმის აუცილებლობა, რომ როდესაც ხელშეკრულება გაფორმდება, მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი განხორციელდეს. არცერთ საპროექტო დოკუმენტაციას არ მიეცემა მსვლელობა იქამდე, ვიდრე ამ დოკუმენტაციის ტექნიკური და ხარისხობრივი ექსპერტიზა არ განხორციელდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განცხადებით, როდესაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების წარმოების პროცესი დაიწყება და შესრულების ეტაპზე იქნება, საპროექტო დავალებების შესრულებაზე მუდმივი ზედამხედველობა განხორციელდება. მათ შორის, ფარულ სამუშაოებზე, იმისთვის, რომ საპროექტო გადაწყვეტილებების მაღალ დონეზე შესრულება მოხდეს.
„ინფრასტრუქტურული პროექტებით ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ თითოეული პროექტის ხარისხი და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია და გამგეობებსაც მინდა ვთხოვო, რომ ხარისხზე და ზედამხედველობაზე მაქსიმალური ყურადღება გავამახვილოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესზეც ისაუბრა, რომელიც მისივე განცხადებით, მომავალშიც გაგრძელდება. ამჟამად, საცხოვრებელი ფართები წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ 47 ოჯახს დაუკანონდება.
„დღეს ჩვენ 47 ოჯახს საცხოვრებელ ფართს ვუკანონებთ. კერძოდ, ესენი არიან წყნეთის გზატკეცილზე, სტუდქალაქის ტერიტორიაზე, N4 კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ ფართებში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონება ვერ მოახერხეს. მინდა მივულოცო მათ და მადლობა ვუთხრა ვაკის გამგებელს თანამშრომლობისთვის. ეს ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.