მერეთსა და სამთავისში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

21/09/2019

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ მერეთსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ. ადგილობრივებს კონსულტაციები ჩაჩავას, ჟვანია-კარაფსმედლაინის, ჯავრიშვილისა და ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმებმა გაუწიეს. მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ადგილზე ესარგებლა ოფთალმოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, უროლოგის, გინეკოლოგის, ფტიზიატრის, ენდოკრინოლოგის, ტრამვატოლოგისა და ფსიქოლოგის კონსულტაციით, ასევე საჭიროებისამებრ ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევაც.
სამედიცინო კვლევების აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე გაეცნენ. როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, სამედიცინო კვლევები სამომავლოდაც იგეგმება, რათა მოსახლეობას ადგილზე, სოფლიდან გაუსვლელად და უფასოდ გაეწიოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. აქციაში, გარდა მერეთისა და სამთავისის მოსახლეობისა, ახლო მდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც ჩაერთვნენ.
აქციის ფარგლებში, ბავშვთა კვების კომპანიამ “ჰუმანა” 100-მდე პატარას საჩუქრად გერმანული წარმოების ბავშვთა კვების პროდუქტები გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0