მემორანდუმის ტექსტი საარჩევნო სუბიექტებს დღესვე დაეგზავნება,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო აგიტაციისას კონტრაქციების თაობაზე მემორანდუმის ტექსტი გააცნო. „როგორც უკვე მოგახსენეთ, ტექსტი არის ლაკონური, მიზანი არის მარტივი და ეს მიზანი არის ძალიან მარტივად, ლაკონურად ასახული ამ ტექსტში. ჩვენ დღესვე დავუგზავნით მემორანდუმის ტექსტს საარჩევნო სუბიექტებს იმისათვის, რომ მივიღოთ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
იმედი გვაქვს, რომ პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეურთდება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ მემორანდუმს“,-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა. ირაკლი კობახიძის თქმითვე, მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებით კონსულტაციები სხვადასხვა სუბიექტებთან გაიმართა. „ჩვენი ამოცანა გახლდათ, რომ მაქსიმალურად დახვეწილი პროექტი შეგვეთავაზებინა ასე ვთქვათ, ჩვენი კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის, სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის.
ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. ამოცანა გახლავთ მემორანდუმის გაფორმება და მთავარი მიზანი, ბუნებრივია, არის ის რომ, ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები, არ დავუშვათ ინციდენტები, არ დავუშვათ პროვოკაციები, არ დავუშვათ ძალადობა საარჩევნო პროცესში“,-დასძინა მან.
მემორანდუმის ტექსტი საარჩევნო სუბიექტებს დღესვე დაეგზავნება
21/09/2016