ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ქალაქის სტუმრებთან და რიგით ბათუმელებთან ერთად მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს.
სიმბოლურად, “ბათუმობა 2017” მემედ აბაშიძის ქუჩაზე სპეციალურად მოწყობილ კარიბჭესთან გაიხსნა.
სასულე ორკესტრის საზეიმო მარშის ფონზე მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობებმა მოძრავი სანახაობა გამართეს.
მოსეირნეებმა მემედ აბაშიძის გამზირზე და მის გადამკვეთ ქუჩებზე ბათუმობასთან დაკავშირებული საგამოფენო სივრცეები და ხელნაკეთი ნივთების სტენდები დაათვალიერეს.
„მიხარია, რომ დღეს ქუჩაში მთელი ქალაქია გამოსული და ზეიმობს ამ ლამაზ დღესასწაულს. მინდა ვისარგებლო შემხვევით და ყველას მივულოცო ბათუმობა და ვუსურვო წარმატება, სიკეთე და მშვიდობა პირველ რიგში.სასიხარულოა, რომ წელს გაფართოვდა გეოგრაფია და აქ არის ოფიციალური დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან, ტურისტი უამრავი ქალაქიდან და რეგიონიდან. ეს ჩვენი ქალაქის დღეა და ამ ტრადიციას ყოველწლიურად კიდევ უფრო განვითარება და ხელშეწყობა სჭირდება“ – აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთნ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
წელს “ბათუმობის” ფარგლებში მოზარდებისთვის და პატარებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე შესაძლებელი იყო ფოტოსესიების გამართვა და ქუჩის მოხატვაში მონაწილეობა.
მემედ აბაშიძის გამზირზე, პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ გაიმართა პერფორმანსი და ძველი ბათუმის ამსახველ ფოტოების გამოფენა, რომლითაც ქალაქის ისტორია გაცოცხლდა. გაეროს ბავშვთა ფონდმა წარმოადგინა ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“.
დღესვე, ევროპის მოედანზე ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
დღის განმავლობაში ბათუმის ქუჩებში თანამედროვე STREET ART – ისა, ხოლო მემედ აბაშიძის ქუცაზე ვეშაპის ინსტალაცია – შადრევანი მოეწყო.
კითხვის მოყვარულთათვის “წიგნები ბათუმში” და „ბიბლუსმა“ – თავიანთი წიგნების გამოფენა – გაყიდვას გამართეს.
დღის ბოლოს ბათუმის საზაფხულო თეატრში ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ
“ბათუმის” ვარსკვლავი გაიხსნება და საპატიო ბათუმელები დაჯილდოვდებიან. ბათუმობის პირველი დღის საფინალო კონცერტს ბათუმის ჯაზ ბიგბენდი ევროპის მოედანზე გამართავს.
ბათუმობის დასკვნითი გალა კონცერტი ქართველი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით, ევროპის მოედანზე 3 სექტემბერს საღამოს 21:00 საათზე გაიმართება.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოეწყო
02/09/2017