პოლიტიკაში დაბრუნება დიდად რომ არ მესიამოვნა, ყრილობაზე სიტყვაში დამეტყო, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. „თუ ამჩნევდით, ძალიან ვღელავდი ყრილობაზე, დღესაც ბევრი მუშაობა მიწევს, მაგრამ ჩავთვალე, რომ ამის აუცილებლობა იყო“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ღარიბი ეკონომიკის შემთხვევაში დემოკრატიული ღირებულებები დასავლეთ ევროპის ქვეყნების შესადარია.
„ამ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, გაღრმავდა და გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც თავისუფლად საუბრობს პრობლემებზე, საუბრობს ის ხალხიც, ვინც არასდროს საუბრობდა. მედიაც ხშირად აჭარბებს, მაგრამ კარგია – გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს. ეკონომიკა კი ვერ ეწევა დემოკრატიულ განვითარებას. სახელმწიფო და სახელმწიფოს სტაბილურობა არის მოწყვლადი, რამეთუ საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს ელემენტარული სამუშაო ადგილები, ძალიან ხშირად ვერ ახერხებენ ბავშვებს სწავლის ფული გადაუხადონ, ცარიელი მაცივრები და ამ ფონზე, როდესაც მაქსიმალურად უზრუნველყოფილია გამოთქმის და სხვა დემოკრატიული ღირებულებები, ავანტიუისტები კი ძალიან ბევრია ქვეყანაში, განსაკუთრებით უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან, ძალიან სახიფათოა სიტუაციის დაჭერა. ამას სჭირდებოდა დამატებითი ჩემი რესურსი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზად ივანიშვილმა ასევე დაასახელა ოპოზიცია, სიძულვილის ენა, რომელიც სჭარბობს, ნაცვლად არგუმენტირებული შენიშვნებისა.
„მესამე მიზეზი, რაც დავასახელე ყრილობაზე ჩემი გამოსვლის დროს, გახლდათ ის, რომ გუნდში შეიმჩნევა, შეიმჩნეოდა, თითქოს დაკარგული იყო გუნდურობა და იყო ეჭვი იმისა, რომ შეიძლება გუნდი დაიშალოს. თუ ყრილობაზე გამოსვლის დროს ამაზე მსუბუქი მინიშნება გავაკეთე, დღეს მოგახსენებთ, რომ ძალიან დიდი იყო ხიფათი უკვე გუნდი დაშლის და პროცესი იყო დაწყებული. მე ამას ვაკვირდებოდი და კრიტიკულ სიტუაციაში, როდესაც ვნახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო რესურსი იმისა, რომ გუნდი შენარჩუნებულიყო და ვერტიკალი გამყარებულიყო“, – განაცხადა ივანიშვილმა.