სენაკში II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2016“ დაიწყო. პროექტში მონაწილე ქართველი რეპორტიორები და ჟურნალისტები სამხედრო ბაზაზე დღეს დილით ჩავიდნენ. ბრიგადის ტერიტორიაზე ჟურნალისტებს და ოპერატორებს ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ უმასპინძლა. თავდაპირველად მედიასწავლების ორგანიზატორებმა სამხედრო თემებით დაინტერესებულ რეპორტიორებს მათი საცხოვრებელი პირობები გააცნეს და სამუშაო ოთახები დაათვალიერებინეს. საცხოვრებელი პირობების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტებს რამდენიმე თეორიული მეცადინეობა ჩაუტარდათ. მედიასწავლების პროგრამა და პირობები სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი მოლოდინმა და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით ძიძიშვილმა წარმოადგინა. საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგის შემდეგ რეპორტიორებს ფრონტის ხაზზე მუშობის თავისებურებებისა და ექსკლუზივის მოპოვების გზების, სამხედრო თემების გაშუქების თავისებურებებისა და სტრესის დაძლევის მექანიზმების შესახებ სპეციაალური სემინარები ჩაუტარდათ. მედიასწავლების მონაწილეები დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით 24- საათიან რეჟიმში სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება, სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს, ასევე ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს შექმნიან. სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. ასევე, გაეცნობიან ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და მუშაობის სპეციფიკას. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოისმენენ მოწვეული ექსპერტების შეფასებებს და მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს.
მედიასწავლება – “ღირსეული პასუხი 2016“ დაიწყო
01/07/2016