შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა. ამ დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შემოსავლების სამსახურმა, რომელიც 1993 წლიდან მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრია, პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტებიდან მოიწვია წარჩინებული მებაჟე ოფიცრები. ღონისძიებას დაესწრნენ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და საქართველოს მებაჟეებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
ტრადიციულად, ღონისძიებაზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ დაწესებული ღირსების სერტიფიკატები გადაეცა მებაჟე ოფიცრებს, რომლებმაც პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი. ქვეყნის საბაჟო სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ასევე დაჯილდოვდნენ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.