მეათე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. დეპუტატებს სესიის გახსნა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიულოცა.
„საშემოდგომო სესიას ვიწყებთ და მინდა, უპირველეს ყოვლისა, ყველას წარმატებული სესია გისურვოთ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა თქვენგანი აქტიურად იყოს ჩართული მუშაობაში და ეს სესია დავასრულოთ შეძლებისდაგვარად ბევრი წარმატებული გადაწყვეტილებით, რომელიც, შეძლებისდაგვარად, ერთობლივად იქნება მიღებული. ამავე დროს, მინდა, მივესალმო საპარლამენტო ჟურნალისტებს და მათაც ვუსურვო წარმატებული, საინტერესო სესია. პარლამენტის საქმიანობის დეტალური გაშუქება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენთან თანამშრომლობის იმედი გვაქვს“, – მიმართა კოლეგებსა და ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტი მორიგ სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე იკრიბება. საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.