მდინარე თეძამზე ახალი წყალსაცავის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

20/10/2017

კასპის კულტურის ცენტრში, მდინარე თეძამზე ახალი წყალსაცავის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბუკიამ ისაუბრა.
კასპის მუნიციპალიტეტისათვის გასარწყავება არის მეტი პროდუქციის, მეტი დასაქმების და მეტი შემოსავლის აუცილებელი პირობა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტის განხორციელებაც, რომელიც გასარწყავების გარდა ხელს შეუწყობს სასმელი წყლით მომარაგებას და ტურიზმის განვითარებას. აღნიშნა თავის გამოსვლაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პროექტის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე.
12 მლნ მ3 მოცულობის წყალსაცავი მოემსახურება და წყლით უზრუნველყოფს სხვადასხვა სარწყავ სისტემებს: სიონის მაგისტრალურ არხს, სოფელს ჩოჩეთის, სოფელ ნიაბის ზედა, სოფელ ყარაღაჯის, სოფელ მეტეხის და წაბლა არხებს. სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება და თეძამის წყალსაცავის მოწყობა უზრუნველყოფს: კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2600 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გარანტირებულ მორწყვას; მდინარე თეძამის მიმდებარე სოფლების მოსახლეობა, კაშხალის ქვედა ბიეფში ფილტრატებიდან მიიღებს სასმელ წყალს; მოსახლეობა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაცული იქნება გაზაფხულის წყალმოვარდნისა და წყალდიდობისგან; წყალსაცავზე შესაძლებელია აშენდეს 2 მვტ სიმძლავრის ჰესი.
პროექტით, სამუშაოების ამჟამინდელი ღირებულებაა 51 მილიონი ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0